საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დაიხურა მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მოსწავლეთა პროტესტი "ურბანულ ძალადობაში" გადაიზარდა.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრის განცხადებით, არეულობის შედეგად დაშავდა სკოლის პერსონალის 65 წევრი და სკოლების შენობებს "მნიშვნელოვანი ზიანი" მიადგა. ამჟამად სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსწავლეთა პროტესტი გასულ კვირას დაიწყო და ის მასწავლებლებისა და პერსონალის ნაკლებობამ, გადატვირთულმა საკლასო ოთახებმა და მოძველებულმა შენობებმა გამოიწვია. ხუთშაბათს დემონსტრაციებს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებულია 1 949 ადამიანი, ხოლო დაშავდა პოლიციის 305 თანამშრომელი.

საფრანგეთის ლიცეუმებში (სადაც 15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობენ) ბლოკადები და საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო, შემდეგ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლას მოედო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრაციები შეეხო 1 027 ლიცეუმს. არსებული ინფორმაციით, ბლოკირებული იყო სულ მცირე 30 უნივერსიტეტიც, მათ შორის — რენსა და პარიზში მდებარე კამპუსები.