სომხეთმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების სამიზნე ვადად 2029 წელი განსაზღვრა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

სარგსიანმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესში სომხეთის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია, აღნიშნული პროცესის წარმატებით განხორციელება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

მან ხაზი გაუსვა სომხეთის მზაობას, სრულად განახორციელოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ პროცესის დასრულების სამიზნე ვადად 2029 წელი განსაზღვრა.

სარგსიანის თქმით, სამოქმედო გეგმის სათანადო განხორციელება ხელშესახებ შედეგებს მოიტანს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების კუთხით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიგრაციის მართვაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს შორისაა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იქნება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის საფუძველზე ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალი სისტემის დანერგვა, რომლის ამოქმედებაც 1-ელ ნოემბერს იგეგმება.

სარგსიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საზღვრის ინტეგრირებულ მართვაზე და განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა დანერგოს ინტეგრირებული სისტემა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად.

ამჟამად მიმდინარეობს საზღვრის მართვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება; მოსალოდნელია, რომ იგი მთავრობას დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.