აშშ-ის ტენესის შტატში 1995 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მსჯავრდებული კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა. ლეტალური ინექციის ორი დოზის მიღების შემდეგ, შტატის ოფიციალურმა პირებმა პროცესი შეაჩერეს და მსჯავრდებული სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ეს შტატში წელს სიკვდილით დასჯის მეორე წარუმატებელი მცდელობაა.

სასამართლოს ურთიერთგამომრიცხველი გადაწყვეტილებების გამო პროცესი ცხრა საათით შეყოვნდა, თუმცა შტატი ცდილობდა, სიკვდილით დასჯა დღის დასრულებამდე დაესრულებინა. მსჯავრდებულის ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად პენტობარბიტალის ორი დოზის შეყვანისა, პაიკს გონება არ დაუკარგავს, ჰქონდა პულსი და ხმამაღლა სუნთქავდა.

50 წლის კრისტა პაიკი შტატში ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ქალი იქნებოდა, რომელსაც სიკვდილით დასჯიდნენ.

რატომ გადაიდო პაიკის სიკვდილით დასჯა?

ფოტო: Knoxville News Sentinel/USA Today Network/Imagn Images

2026 წლის 28 სექტემბერს ტენესის გუბერნატორმა, ბილ ლიმ, კრისტა პაიკის შეწყალების თხოვნას უარით უპასუხა. ორი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯა დროებით შეაჩერა. სასამართლოს განმარტებით, თავის დროზე ბოლომდე არ იყო შესწავლილი, რამდენად იქნა გათვალისწინებული პაიკის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებები. თუმცა, სულ რამდენიმე საათში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ეს შეჩერება გააუქმა.

მას შემდეგ, რაც კრისტა პაიკი ორჯერ გადაურჩა ლეტალური ინიექციის გამოყენებას, შტატის გუბერნატორმა მიიღო გადაწყვეტილება, 2026 წლის ბოლომდე შეეჩერებინა ყველა სიკვდილით დასჯა. გარდა ამისა, მან მოითხოვა დამოუკიდებელი და სრულფასოვანი გამოძიება იმის გასარკვევად, თუ რეალურად რა მოხდა განაჩენის აღსრულების მცდელობების დროს.

რა ელის კრისტა პაიკს?

შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ პაიკი საავადმყოფოში, ტერიტორიის მიღმა მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მისი ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, მას საავადმყოფოში "სიცოცხლის გადარჩენის მიზნით აუცილებელ ზომებს უტარებენ".

ხუთშაბათი დილის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

მეი მარტინეზმა, კოლინ სლემერის (მსხვერპლის) დედამ, რომელიც პაიკის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, NBC News-ს განუცხადა, რომ პროცესი "სრული ქაოსი" იყო.

ამ ფაქტს სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებიც სწრაფად გამოეხმაურნენ .

საერთაშორისო იურიდიული ორგანიზაცია Reprieve-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია ფოამ აღნიშნა:

"ჩვენ ზუსტად ვერ გვეცოდინება, რა ვერ გაკეთდა სწორად, რადგან ყველაფერი ფარდის მიღმა ხდება — ლეტალური ინიექცია საიდუმლოებებითაა მოცული, რათა დაიმალოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ძალადობრივი ბუნება."

ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, შეეცდებიან თუ არა პაიკის სიკვდილით დასჯას თავიდან. ისტორიულად არსებობს პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება სიკვდილით მისჯილთა განაჩენის აღსრულებას მეორედ ცდილობს.

რისთვის გაასამართლეს კრისტა პაიკი?

ფოტო: კოლინ სლემერი.BBC

პაიკი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 1996 წლიდან ელოდება. 1995 წლის იანვარში პაიკმა, მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა და მეგობარმა, ტენესის უნივერსიტეტის კამპუსში, ტყეში შეიტყუეს 19 წლის კოლინ სლემერი, სადაც ისაწამეს. ისინი მას ქვებით სცემდნენ და საჭრელი იარაღით ჭრიდნენ. პაიკმა, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, სლემერის თავის ქალის ნაწილი წამოიღო და სულ მცირე ერთ ადამიანს აჩვენა.

ტადარილ შიპმა, პაიკის შეყვარებულმა, ჩვენება მისცა სლემერის მკერდზე პენტაგრამის ამოკვეთის შესახებ. ვინაიდან ტენესის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ პირებს ეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას 18 წლის ან მეტის იყვნენ, შიპს, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გასულ წელს მას ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

ტენესის სიკვდილით დასჯილთა სიაში მყოფი ერთადერთი ქალი, პაიკი, თავის ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. ციხეში ყოფნისას მას ბიპოლარული აშლილობა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუდგინეს და იმკურნალა კიდეც. ქალები, რომლებიც პაიკთან ერთად იხდიდნენ სასჯელს, ამბობდნენ, რომ ის მზრუნველი და კეთილი ადამიანი იყო.