რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს შეხვდა. შეხვედრაზე ბარციცმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები "აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმზეა". ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბარციცმა ასევე თქვა, რომ " ხორციელდება ფართომასშტაბიანი და პერსპექტიული ინფრასტრუქტურული პროექტები".

"პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ხორციელდება ფართომასშტაბიანი და პერსპექტიული ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს საერთაშორისო აეროპორტი აუმჯობესებს და აფართოებს თავის საქმიანობას. მოგიყვანთ ციფრებს: ბოლო წელნახევრის განმავლობაში ჩვენმა აეროპორტმა უკვე დაახლოებით 200 000 მგზავრი გაატარა. ამან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ეკონომიკურ სტაბილიზაციასა და განვითარებაში", — განაცხადა მან.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო სექტორში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ.

"ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს თანამშრომლობისთვის საინვესტიციო სექტორში. როგორც აფხაზეთის პირველმა საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, ჩვენ ამ მიმართულებას განვავითარებთ. სასიხარულოა, რომ წარსულში სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა — ეს ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია", — აღნიშნა მან.