ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა "ინტელექტი" ავრცელებს.

"ჰაინრიხ ჰაინეს სულისკვეთებით, ნინო ხარატიშვილი უკომპრომისოდ იცავს ევროპულ იდეალებს, თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აფართოებს ეროვნულ და კულტურის საზღვრებს. საქართველოში დაბადებული ავტორი მთელი მსოფლიოსთვის ნათლად წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიქტატურის, რეპრესიებისა და ცენზურის გამოცდილებას. ნინო ხარატიშვილი გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული თავისუფლება არ არის მხოლოდ მოცემულობა, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული", — ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

ჰაინრიხ ჰაინეს პრემია დიუსელდორფში პოეტის 175 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაწესდა. ჯილდო გადაეცემათ სოციალური და პოლიტიკური პროგრესის ხელშეწყობისთვის, ხალხთა მეგობრობისა და იმ იდეის დამკვიდრებისთვის, რომ თანასწორობა ადამიანის ძირითადი უფლება და კაცობრიობის ამოსავალი წერტილია.