კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ ყოფილა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა პირობებმა აიძულათ.

ფონდი წერს, რომ ახალი გრანტების რეგულაციებმა საქართველოში თავისი ძირითადი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა შეუზღუდა, რის გამოც ოფისის დახურვა გადაწყვიტეს.

"თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს ადგილზე, როგორც პოლიტიკური ფონდის, საკუთარი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

28 ივლისს საქართველოს მთავრობამ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ "გრანტების შესახებ" ახალი ქართული კანონით წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა. ფონდის განცხადებით, ახალი რეგულაციების ფარგლებში საქმიანობის გაგრძელების მიზნით, მათ შორის, გერმანიის ფედერალური მთავრობის მონაწილეობით, ინტენსიური მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ფონდის შეფასებით, პროექტების დამტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა შესაძლებელი, თუ ისინი ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას აღარ შეესაბამებოდა.

"საქართველოში უბრალოდ ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის", — აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდის თქმით, ოფისის დახურვა მის საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების "გარდაუვალი შედეგია".

კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს და მისი საქმიანობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების და ევროპული ცნობიერების ხელშეწყობას მოიცავს. ფონდი ასევე მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის, დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერების, წარსულის გააზრების, რელიგიათაშორისი დიალოგის, ქართული პარლამენტარიზმის, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ახალგაზრდული მკვლევრების პროგრამებისა და სტიპენდიების მეშვეობით კი ფონდი ქართველ ახალგაზრდებსაც უჭერდა მხარს.

ფონდის განცხადებით, ის საქართველოსა და ქვეყანაში მოქმედ ხანგრძლივ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთგული რჩება. KAS საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნება შეძლოს.