რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს საექსტრადიციო პატიმრობიდან. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მისმა ადვოკატმა, რუსუდან მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

მანამდე, 29 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დასრულებამდე.

ტიმოფეევის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ, მიიღო.

გირაოს გარდა, მიხაილ ტიმოფეევს საქართველოს დატოვება და 22:00-დან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა აეკრძალა. მას ასევე დაევალა კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება, მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცვლის შესახებ 24 საათით ადრე შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინება და პასპორტის ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის პროკურატურისთვის ჩაბარება.


ტიმოფეევი 2026 წლის 23 იანვარს თბილისში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს, რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. რუსეთი ტიმოფეევს 2004–2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობას ედავება და ამტკიცებს, რომ ის ფურგალის მიერ შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო. ტიმოფეევი ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად მიიჩნევს.

აღსანიშნავია ის, რომ ტიმოფეევი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი იყო — 2024 წელს ჩამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთში პოლიტიკური მოტივით დევნიდნენ. მისი ადვოკატების თქმით, ინტერპოლმა მისი ძებნა 2025 წელს გააუქმა, თუმცა საქართველოს პროკურატურამ მის დასაკავებლად ძველი დოკუმენტი გამოიყენა