საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 1 ოქტომბერს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფებოდა.

საქართველოს საპატრიარქოს ეწვია მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად. მათთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველიც იმყოფება, რომლებიც ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ.

დელეგაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მხარეებმა ისაუბრეს ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი ავსტრიაში ქართულ სამრევლოს უწევს. შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი დასრულდა საჩუქრების გაცვლითა და სტუმრების მხრიდან გულთბილი მიღებისთვის მადლობის გადახდით.