რუსეთში დაგეგმილი კანიე ვესტის 2 კონცერტი ოფიციალურად გაუქმდა. მომღერალი 10 და 11 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში, გაზპრომ არენაზე, უნდა გამოსულიყო. თუ კონცერტები შედგებოდა, კანიე ვესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში გამომსვლელი პირველი დასავლელი მეგავარსკვლავი იქნებოდა.

ჯერ კიდევ აგვისტოში, გაზპრომ არენამ მოულოდნელად განაცხადა, რომ მუსიკოსის კონცერტები მათ სტადიონზე აღარ გაიმართებოდა. სტადიონის განცხადებით, კონცერტების ორგანიზატორებთან სტადიონის იჯარის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილი არ ყოფილა, რის გამოც ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელი გახდა.

ახლახან კი ორგანიზატორებმა Telegram-ზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კონცერტები გააუქმეს. მათი თქმით, შოუები დაგეგმილ თარიღებში ვეღარ ჩატარდება, პროექტის სტატუსსა და სამომავლო გეგმებზე კი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

კანიე ვესტის რუსეთში გამოსვლას თავიდანვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბოლო წლებში მუსიკოსი ანტისემიტური განცხადებებისა და არაერთი სკანდალის გამო კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა, რამაც რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტაც გამოიწვია.

წინააღმდეგობა თავად რუსეთშიც გაჩნდა. პოლიტიკოსმა ნიკოლაი ნოვიჩკოვმა ჰიტლერის შექების გამო მუსიკოსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა და განაცხადა, რომ კონცერტები უნდა გაუქმდეს, თუ მუსიკოსი საჯაროდ არ გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიმართ. კიდევ ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა, ვიტალი მილონოვმა კი განაცხადა, რომ კანიე ვესტს კონცერტებზე ტრადიციული რუსული სიმღერები უნდა შეესრულებინა.

კანიე ვესტმა იანვარში თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არც ნაცისტია და არც ანტისემიტი. მიუხედავად სკანდალებისა, მას ბოლო პერიოდში კონცერტები აშშ-ში, თურქეთში, ნიდერლანდებში, საქართველოში, ალბანეთში, პორტუგალიასა და ყაზახეთში ჰქონდა. მუსიკოსის ტურნე მის მე-12 სოლო ალბომს, Bully-ს უკავშირდება, რომელიც მარტში გამოვიდა.