პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე სამართლებრივი პასუხის მოთხოვნაზე საუბრობს.

"თავისთავად ასეც უნდა იყოს, არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება.

ჩვენ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის აბსოლუტური აცდენა, თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას.

კიდევ ერთხელ, ცილისწამება, სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი.
ამიტომ, ყველა, ვინც ცილს სწამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან, ცილისწამებაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჰიბრიდული კამპანიებისა იმისთვის, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები", — ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემებრს ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ " ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს" მიმართა, რომლის დახმარებითაც მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს.

გავრცელებულ ცნობებს "ქოლცენტრების" მფარველობისა და უკანონო გარიგებების შესახებ ის სრულ აბსურდად მიიჩნევს, რომელთა დასადასტურებლადაც, მისი თქმით, ერთი ფაქტიც კი არ არსებობს და მხოლოდ დამაინტრიგებელი, დაუსაბუთებელი სიუჟეტებით შემოიფარგლება. საკუთარი უფლებებისა დასაცავად, ივანიშვილმა ადვოკატ დავით ასათიანს მიმართა.

1-ელ ოქტომბერს ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა, განაცხადა, რომ სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედიასაშუალება და კონკრეტული პირები იქნებიან, რომლებიც ბერას კრიმინალურ საქმიანობას უკავშირებენ.