2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოშიც წლიური ინფლაცია 5.6% იყო.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.9%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8%);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);

განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7.0%), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8%) და საშუალო განათლება (6.6%).