მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს "ფარსს" უწოდებს. დავითაძის დედამ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ პროკურორმა მას 20 წუთამდე ხანგრძლივობის კადრები აჩვენა. დედის განმარტებით, სამსახური მხოლოდ იმ კადრების ნაწილს აქვეყნებს, რომელიც მათ აწყობთ.

"მოჭრეს რაღაც ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არის ნაწილი იმ ვიდეოსი, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი. დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები..." — ამბობს დავითაძის დედა.

"ტვ პირველის" ეთერში მსჯავრდებულის ცოლმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის ვიდეოკადრების განმარტების ვერსიაც სიცრუეა. ცოლის განმარტებით, დავითაძე ფიზიკურად არცერთ ბადრაგს არ შეხებია და მას 9-10 კაცის მიერ დაკავება არ სჭირდებოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და აკრძალულ ნივთს ვერ შეიტანდა.

"შეხედეთ კადრებს, რა საჭიროება იყო 10 თუ 9 ბადრაგი გიორგის გასაკავებლად, რას აკეთებდა? ადამიანი საკანში მარტო ზის, რა უნდა ჰქონდეს იქ ისეთი, რომ 10 ბადრაგს რამე დაუშავოს. სიტყვიერად მიმართავს მხოლოდ. ხელით არავის შეხებია, საჭიროება რომ ყოფილიყო ამდენი ბადრაგის. როცა გამოჰყავთ ოთახიდან, ჩხრეკა იქ ტარდება. ეს ვიცი. ეს იყო ფარსი, რომ თითქოს იქაც ხდება შემოწმება და ხელში უჭირავთ რაღაც. იქაც ამოწმებენ, რამე ხომ არ აქვს ისეთი, რაც ფიზიკურად მკაცრი დაწესებულებების პატიმარს ვერ ექნება ვერანაირ შემთხვევაში," — აცხადებს მსჯავრდადებულის მეუღლე.

ოჯახმა ტელეკომპანიის ეთერში ხვალ, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე რუსთავის №6 დაწესებულებასთან აქცია დააანონსა.


პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ციხის სამარტოო საკანში ბადრაგებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. აუდიოჩანაწერში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს, პატიმარი ამბობს, რომ "დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და 10-მა ბადრაგმა თითით გააუპატიურა".

მალევე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

სამსახური გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ პატიმარის ჩვენებით ამ დროს მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც მათი თქმით, სრული სიცრუეა.

ვინ არის გიორგი დავითაძე?

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ხმაური 21 სექტემბერს დაიწყო. ის ქართული ოცნების საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების კოალიციის სიით იყო შესული.

ავთანდილ დავითაძის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მის შვილზე, გიორგი დავითაძეზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. დავითაძის ოჯახი პატიმრის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ. ოჯახის განცხადებას პენიტენციური დაწესებულებამ მაშინაც უარყო.

2024 წლის 19 ნოემბერს გიორგი დავითაძე პოლიციელის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.