უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათი ავიაგამანადგურებლების — F-16-ების დაახლოებით ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი თვითმფრინავის უკან დაბრუნება იმდენად დიდი ხნით გადაიდო, რომ ქვეყანა ძვირფას დროს კარგავს მაშინ, როდესაც გამანადგურებლები ყველაზე მეტად არის საჭირო საჰაერო სივრცის დასაცავად.

ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც უკრაინას რუსული დრონების თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს. მან თქვა, რომ F-16 გამანადგურებლები ეფექტური აღმოჩნდა ახალი რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ, მაგრამ ხელისშემშლელია ის, რომ თვითმფრინავების დიდი ნაწილი ევროპაშია სარემონტოდ.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ კიევი დასავლელი პარტნიორებისგან დახმარებას ითხოვს, რათა მეტი მსგავსი ტექნიკური სამუშაოები უკრაინაში გადაიტანოს, ვინაიდან თვითმფრინავების საბრძოლო მოედანთან ახლოს ყოფნა, ექსპლუატაციაში მათ უფრო სწრაფად დაბრუნებას უზრუნველყოფს.