შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ნოემბერს, მომავალ თვეში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურას 10-11 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში კი — 9-10 გრადუსის ფარგლებში პროგნოზირებენ.

"ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, რომ ოქტომბერში ჰაერის ტემპერატურამ მოიმატოს დღისით 26-27 გრადუსამდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსამდე. თუმცა ცალკეულ დღეებში ღამით შესაძლებელია მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს, ანუ მინუს 4, მინუს 5 გრადუსამდეც დაიწიოს ტემპერატურამ.

ნალექს რაც შეეხება, ოქტომბერში ნორმის ფარგლებში და ცოტათი ნაკლები არის მოსალოდნელი, ნოემბერში კი — ნორმის ფარგლებში", — განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.