პროკურატურამ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყება კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ ძმებს 2020-2026 წლებში ფულის გათეთრებას ედავება. უწყების ვერსიით, ფეიქრიშვილებმა ფულის გათეთრებით მოპოვებული 10 მილიონი ლარით საბანკო ვალდებულებები დაფარეს და აღნიშნულ სქემაში ჩართული პირებისთვის უძრავი-მოძრავი ქონება შეიძინეს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ — მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას," — წერს უწყება.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფეიქრიშვილები თავდაპირველად 22 სექტემბრის ღამეს დააკავეს. პროკურატურამ მათ ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალდება წარუდგინა.

უწყება გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ედავება. გამოძიების ვერსიით, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ფეიქრიშვილს და მის პირად დაცვას, მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე წარედგინათ.

გამოძიების თანახმად, დავით ფეიქრიშვილმა შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებენ. შსს-მ ისინი 2016 წლის სექტემბერში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის იანვარში სუს-მა დააკავა 6 პირი (ხოლო მოგვიანებით ბრალი წარუდგინა ვატო ყიფიანს), რომლებიც ძმების ავტომობილის აფეთქებასა და მათ მკვლელობას გეგმავდნენ. 2023 წლის ნოემბერში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ობიექტზე თავდასხმისა და დიდი ოდენობით თანხის ყაჩაღურად დაუფლების ბრალდებით დააკავა.