საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს". ესენია:

  • კონრად ადენაუერის ფონდი (CDU);
  • ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FDP);
  • ჰაინრიხ ბიოლის ფონდი;
  • ფრიდრიხ ებერტის ფონდი (SPD).

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამის შესახებ 2 ოქტომბერს თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა განაცხადა.

"ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო," — განაცხადა ელჩმა.

მედიის ცნობით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ "ეს მოვლენები ასახვას ჰპოვებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც". მან დასძინა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება მისი ელჩობის პერიოდში პრიორიტეტი იქნება.

"მომდევნო წლებში, როგორც ელჩი, პირადად გავწევ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად შენარჩუნოთ ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის ნაშენები," — განაცხადა ბარბარა ფოსმა.

შეგახსენებთ, 1-ელ და 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფრიდრიხ ნაუმანისა და კონრად ადენაუერის ფონდებმა თბილისში მუშაობა შეაჩერეს. ორივე ფონდი საქმიანობის შეჩერების მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ საგრანტო პირობებსა და მათი დაფინანსების განაცხადის უარყოფას ასახელებს.