2 ოქტომბერს, კათალიკოს-პატრიარქი შიო III რუსეთიდან ჩამოსულ ორ სასულიერო პირს შეხვდა. საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ, 30 სექტემბერს, მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა.

დღევანდელ შეხვედრაზე შიო III-მ მოსკოვის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარ დეკანოზი იოანე კალედას და იახრომოს ოლქის ტაძრების კეთილმოწესე სერგიევო-პოსადის ეპარქიიდან მღვდელ სერგი ბერნაცკის და მათი თანმხლები პირებს უამსპინძლა.

"შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სტუმრებმა მის უწმინდესობას აღსაყდრება მიულოცეს და მისგან ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოანე კალედა დიდ პატივს მიაგებს ღირს დავით გარეჯელს. იგი ტაძრის მრევლთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში, რათა მოილოცონ დავითგარეჯის მონასტერი და ქვეყნის სხვა სიწმინდეები, ასევე გამოცემული აქვთ წიგნი ღირსი დავით გარეჯელის შესახებ," — წერს საპატრიარქო.


30 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქო დელეგაციასთან შეხვედრაზე ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებს "მტკივნეულ რეგიონებად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა შეხვედრაზე სწორედ "მტკივნეულ რეგიონებში" არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

"მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს", — წერია განცხადებაში.

IPN-მა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს, კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის მოსკოვში გაგზავნას. ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული მიწვევა არ არსებობს, მაგრამ დასძინა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება.

"არ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს.

ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის," — განაცხადა ჯაღმაიძემ IPN-თან.