ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ — ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მედიის ცნობით, ინციდენტში მონაწილე ორი კაცი დააკავეს.

კლინიკის დირექტორის, ლაშა რომანაძის ცნობით, თავდამსხმელები სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი დახმარების მისაღებად შევიდნენ. დირექტორმა "აჭარა თაიმსს" განუცხადა, რომ პაციენტები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და კლინიკის ერთ-ერთი მედპერსონალის მიერ გაწეულ დახმარებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. ექსპერტიზამ მედპერსონალსა და განყოფილების ხელმძღვანელს მრავლობითი დაზიანებები დაუდგინა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ ორი პირი ადგილზე დააკავა.

მომხდარს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია.

"ჯანდაცვის სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქობულეთის კლინიკის თანამშრომლებს და მკაცრად გმობს სამედიცინო პერსონალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

ექიმების, სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. ისინი ყოველდღიურად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას და მათი საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

სამედიცინო დაწესებულებაში ძალადობის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია და თითოეული ასეთი ფაქტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს," — წერს უწყება.