აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან ომის დასრულების შემდეგ ყველა დაინახავს, თუ როგორ "რეალურად დაიკლებს" დიზელის ფასი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

"დღეს G7-ის წევრ ქვეყნებს ვესაუბრე და სიხარულით გაცნობებთ, რომ შეთანხმებას მივუღწიეთ: ევროპა თავისი სამარაგო ფონდებიდან დიზელის საწვავის უზარმაზარ მარაგებს გამოათავისუფლებს", — განაცხადა ტრამპმა, რასაც საზოგადოება ხმამაღალი ოვაციებით შეეგება.

მისი თქმით, "დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს".

"მაგრამ, ფასები მკვეთრად დაეცემა მას შემდეგ, რაც ირანთან საბოლოოდ დავასრულებთ. სხვათა შორის, ეს, ასე თუ ისე, მალე მოხდება. ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე თითქმის ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", — აღნიშნა ტრამპმა.