ადვოკატი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა დაუშვებელია.

მარიკა არევაძის თქმით, დაცვის მხარე ოჯახთან და ხელმისაწვდომ მასალებთან ერთად სწავლობს საქმეს. მისი განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა (რომელიც ოჯახის თქმით არასრულია) სინამდვილეში პატიმრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას ამყარებს.

ადვოკატი მოითხოვს საქმეზე სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, პასუხისმგებელი პირების დასჯას და საგამოძიებო პერიოდში მათი უფლებამოსილების შეჩერებას. პარალელურად, ადვოკატი საზოგადოებას მეექვსე პენიტენციურთან ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციასთან შეერთებისკენ მოუწოდებს.

"გუშინდელი დღიდან ვსწავლობთ პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, ამ წუთისათვის ხელმისაწვდომ ყველა მასალაზე დაყრდნობით. პატიმრის განცხადების გარდა, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა თავად პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა და ოჯახის წევრების განცხადებები.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურის განცხადებით, ამ მასალით თითქოსდა დასტურდება, რომ ადგილი არ ჰქონია პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას, სინამდვილეში ეს მასალა ამყარებს პატიმრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას. მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის ოჯახის განმარტებით, ეს ვიდეომასალა არის არასრული. ასევე დღემდე ოჯახისთვის უცნობია, რატომ მოხდა პატიმრის გადაყვანა ერთი პენიტენციურიდან მეორეში. ასევე მნიშვნელოვანია, რატომ გაიგო ოჯახმა დაგვიანებით, რომ პატიმარს ჰქონდა სუიციდის მცდელობა და დაზიანებით გადაყვანილი იყო "ვივა მედში".

მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არის დაუშვებელი. ასევე უნდა ჩატარდეს სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ სრული სიმკაცრით. მანამდე კი უნდა შეუჩერდეთ მათ უფლებამოსილება. ჩვენ აღნიშნული საქმის გამოკვლევას ვაგრძელებთ, ოჯახთან კომუნიკაციას და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში, მანამდე კი მოგიწოდებთ, რომ ოჯახის დღეს დაანონსებულ აქციას მეექვსე პენიტენციურთან შეუერთდეთ", — განაცხადა უფლებადამცველმა (მის კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს).

შეაგხსენებთ, პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ციხის სამარტოო საკანში ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადეს. აუდიოჩანაწერში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს, პატიმარი ამბობს, რომ "დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და 10-მა ბადრაგმა თითით გააუპატიურა".

ვრცლად გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: