სომხეთში ანტისამთავრობო აქციებია — ომბუდსმენის თქმით, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებზე პოლიციელებსა და მონაწილეებს შორის შეტაკებები გრძელდება.
სომხეთის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიცია "არაპროპორციულ" ძალას იყენებს და სამართალდამცველების ქმედებებს აკრიტიკებს.
"პოლიციელის მხრიდან აშკარაა არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელიც დაუშვებელი და მიუღებელია", — ნათქვამია სახალხო დამცველის, ქრისტინე გრიგორიანის ბოლო განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 30 მაისს პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის განსაკუთრებით ძალადობრივი შეტაკები მოხდა.
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებული პროტესტის ტალღა პირველ მაისს დაიწყო.
გრიგორიანმა ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, მონაწილეების დაკავების დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალა "აშკარად არაპროპორციული" იყო და არსებობს დოკუმენტირებული საქმეები, როცა "სასტიკი ფიზიკური ძალა" გამოიყენეს, როცა მონაწილე პოლიციას წინააღმდეგობას უკვე აღარ უწევდა.
30 მაისის აქციაზე, მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში ძალით შესვლა სცადეს. მომხდარი შეტაკებების დროს ათობით ადამიანი დაშავდა — რამდენიმე კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის, პოლიციელები.
ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის პროგრამის კოორდინატორმა, დანიელ იოანისიანმა ყურადღება გაამახვილა ხალხის "აშკარა დანაშაულებრივ ქმედებებზე", როცა ისინი ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობდნენ და აღნიშნა, რომ პოლიციას, შეიძლება, მიეცეს უფლება პროტესტის შესაჩერებლად "სპეციალური ზომები" გაატაროს, თუმცა მხოლოდ პროპორციული.
მაშინ, როცა ინციდენტის დროს პოლიციამ 100-მდე ადამიანი ცოტა ხნით დააკავა, 8 ისევ განყოფილებაში რჩება. მათ, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი ბრალდებები წაუყენონ.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, სომხეთის საგამოძიებო კომისიამ 25 სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციის "არაკანონიერი ქმედებების" შესახებ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები