გურამ როგავას შემდეგ, რუსთავი 2 ჟურნალიტმა თეონა ცხომელიძემაც დატოვა. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას არ ეთანხმება და ამ არხზე საკუთარ თავს ვეღარ ხედავს.

"მივდივარ რუსთავი 2-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი", — წერს ცხომელიძე.

მან აღნიშნა, რომ როცა ჟურნალისტიკაში ხარ, მართალი უნდა იყო მაყურებელთან, რესპონდენტებთან და საკუთარ თავთან, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

"მივდივარ სახლში, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომცა შესაძლებლობა როგორც წამყვანს, რეპორტიორსა და პროდიუსერს ისე გამეკეთებინა ჩემი საქმე, როგორც სწორად მიმაჩნდა — მომეყოლა ყველაფერი და ზუსტად ისე როგორც იყო", — წერს ცხომელიძე.

11 აგვისტოს რუსთავი 2 დატოვა ჟურნალისტმა გურამ როგავამ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ ამ არხზე საკუთარ თავს ვეღარ ხედავს. ის ტელეკომპანია ფორმულაზე გადავიდა. მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ეთერიდან მის ჩახსნას ითხოვდნენ. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით მძაფრი რეაქციები მოჰყვა 5 ივლისის შემდეგ, პირდაპირ ეთერში მის მიერ თეთრი ფურცლების დახევას, როცა მან მაყურებელს მიმართა, რომ წარმოედგინათ, თითქოს ეს იყო კონსტიტუცია და ის თავზე დაგვახიეს.

"ამ ჟესტს შემდეგ მოჰყვა გარკვეული მძაფრი რეაქციები ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის მეც მივიღე გარკვეული გზავნილები, რომ შესაძლოა, ეს ცუდად დამთავრებულიყო. საერთო ნაცნობებმა მოიტანეს გარკვეული გზავნილები ჩემი მისამართით, რომ ეს იყო ზედმეტი, რომ ასე არ უნდა გამეგრძელებინა. ასევე, რატომღაც ასე დაემთხვა და ერთამანეთს მიეწყო, რომ რაღაცნაირად ერთი მესისჯობქსით მიგზავნიდნენ რჩევებს, რომ არ გინდა, ეს ნაბიჯი არ გადადგა, ცოტა დამშვიდდი, დაიწყნარე ნერვები. თითქოს ერთი ხელით იყო ნაწერი", — თქვა როგავამ.

21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ისა და Prime Time-ის ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი ვაკო ავალიანი გახდა. მანამდე ის მაესტროს აღმასრულებელი დირექტორი იყო, თუმცა ტელევიზია 15 ივლისს დატოვა და Facebook-ზე დაწერა, რომ არხზე გია გაჩეჩილაძე ბრუნდება, ტელევიზიის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.