ციფრული ბანკინგის განვითარებასთან ერთად იცვლება ისიც, თუ როგორ ფასდება საბანკო მომსახურების ხარისხი. მობილური აპლიკაციის არსებობა ან ონლაინ ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობა თავისთავად აღარ არის საკმარისი კონკურენტული უპირატესობის დასამტკიცებლად. მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად და ეფექტიანად იყენებენ მომხმარებლები ციფრულ არხებს, რამდენად მრავალფეროვანია შეთავაზებული მომსახურება და რა შედეგი მოაქვს ტექნოლოგიაში ჩადებულ ინვესტიციას. სწორედ ამ საკითხებს აფასებს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიურ დაჯილდოებაში, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება.

კონკურსი, რომელიც ციფრული ბანკინგის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა

Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. გამოცემის მიხედვით, ეს ჯილდოები ციფრული ბანკინგის, როგორც ცალკე მიმართულების, განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა და დღეს საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის გაწეულ ციფრულ მომსახურებას სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს.

კონკურსის გამარჯვებულები ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით განისაზღვრებიან, შემდეგ კი რეგიონული გამარჯვებულები გლობალური დაჯილდოებისთვისაც ემზადებიან. ცალკეული ქვეკატეგორიების არსებობა საშუალებას იძლევა, შეფასდეს არა მხოლოდ ბანკის საერთო ციფრული სტრატეგია, არამედ კონკრეტული პროდუქტებისა და მომსახურებების ხარისხიც.

ექვსი ძირითადი კრიტერიუმი

Global Finance-ის ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ციფრული ბანკების შეფასება რამდენიმე ძირითად მიმართულებას ეფუძნება:

  • სტრატეგია ციფრული მომხმარებლების მოსაზიდად და მოსამსახურებლად – რამდენად მკაფიოა ბანკის მიდგომა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის მომსახურების მიწოდების მიმართ.
  • ციფრული შეთავაზებების გამოყენება — რამდენად წარმატებით იყენებენ მომხმარებლებიციფრული პროდუქტებსა და არხებს.
  • ციფრული მომხმარებლების ზრდა — რამდენად იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ბანკის ციფრულ მომსახურებას იყენებენ.
  • პროდუქტების მრავალფეროვნება — რამდენად ფართოა ციფრული არხებით ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურებების არჩევანი.
  • ციფრული ინიციატივების ხელშესახები შედეგები — რა სარგებელი მოაქვს ტექნოლოგიურ პროექტებს და რა შედეგების დემონსტრირება შეუძლია ბანკს.
  • ვებგვერდისა და მობილური არხების დიზაინი და ფუნქციონალი — რამდენად მოსახერხებელი და გამართულია ციფრული მომსახურების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გარემო.


ამ კრიტერიუმების ერთობლიობა აჩვენებს, რომ შეფასება არ ეყრდნობა მხოლოდ იმას, რამდენად ბევრი სიახლე დანერგა ფინანსურმა ინსტიტუტმა. მნიშვნელობა აქვს იმასაც, არის თუ არა ინოვაცია მომხმარებლისთვის რეალური სარგებლის მომტანი.

Global Finance საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობას ითვალისწინებს. ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი გზავნილია: ტექნოლოგია კონკურენტულ უპირატესობად მაშინ იქცევა, როდესაც ის მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს და მათთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს.