კონფლიქტების განმუხტვა, განწყობების იდენტიფიცირება, რთულ სიტუაციაში გასამხნევებლად საჭირო სიტყვების მოძებნა — ეს ის თვისებებია, რომლებიც ემოციურ ინტელექტზე მიანიშნებს. ამ ჩამონათვალზე, ალბათ, ბევრ ადამიანს თავისი ახლობელი ქალი ახსენდება, მაგრამ რამდენად სწორია ეს ასოციაცია?

ამის გასაგებად მეცნიერებმა 1995-2023 წლებში 76 ქვეყანაში ჩატარებული კვლევები გააანალიზეს. მათ საერთო ჯამში 600 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რათა გაეგოთ, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას მართლა აღემატება თუ არა. გასაკვირი არაა, რომ პასუხი "კი" არის (საშუალო მაჩვენებლის მიხედვით; ინდივიდუალურად შედეგები, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეიძლება იყოს).

ზოგადად, ემოციური ინტელექტი საკუთარი და სხვისი ემოციების გაგებისა და რეგულირების შესაძლებლობაა. ამის მიუხედავად, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები შემთხვევათა ნახევარში უფრო მეტად სხვების მდგომარეობის დასტაბილურებაზე არიან კონცენტრირებულნი. ავტორები სრულად არ გამორიცხავენ, რომ ამის უკან ბიოლოგიური ან ჰორმონალური ფაქტორები შეიძლება იდგეს, მაგრამ შედეგი სხვა რამეზე მიუთითებს.

ბავშვებში ქალების ამგვარი უპირატესობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზრდასრულებში. ეს სხვაობა კვლევის სამდეკადიანი პერიოდის განმავლობაში სულ უფრო დავიწროვდა, რაც დაბადებისას განსაზღვრული ფაქტორებით ვერ აიხსნება. სამაგიეროდ, მსგავსი რამ პრაქტიკაში შეიძლება ჩამოყალიბდეს.

მაგალითად, სხვა ნაშრომში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშობლები გოგოებთან ემოციური სიტყვების უფრო ფართო მარაგს იყენებენ, ვიდრე ბიჭებთან (მათ ხშირად ემოციების დათრგუნვა უწევთ) და თავიანთი გრძნობების გამოსახატად მეტ სტიმულსაც აძლევენ. შესაბამისად, ქალები თავიდანვე ერთგვარ სოციალურ-ემოციურ უნარს იძენენ.

ფოტო: Pavlova Yuliia/Shutterstock

ეს გარკვეულწილად ახალი ენის ან, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას ჰგავს — რაც უფრო ხშირად ვმეცადინეობთ, მით უფრო კარგად გამოგვდის. 2019 წლის მეტაანალიზმაც აჩვენა, რომ ემოციური ინტელექტი "გაწვრთნას" ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, კაცი ცდილობს ამას თუ ქალი. შესაბამისად, მსგავსი რამ ნებისმიერი ადამიანისთვის დასწავლადია.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ქალების ასეთი უპირატესობა ხშირად ბუნებრივ, სქესთან შეჭიდულ თვისებად განიხილება და დაუფასებელია. პირიქით, მსგავსი ადამიანისგან ყოველთვის ამგვარ ქცევას ელიან და შესაძლებლობა მოვალეობად იქცევა. მათ შორის ასე ხდება სამსახურშიც, რაც აუნაზღაურებელ შრომას ნიშნავს.

გამოცემა APA PsycNet Advanced Search-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ კვლევის ამ შედეგების მიხედვით ცვლილებებია სასურველი. პირველ რიგში, დამსაქმებლებმა ასეთი შრომა უნდა დაინახონ, შესაბამისი ანაზღაურებაც დააწესონ და ეს დაწინაურებისასაც გაითვალისწინონ. მეორე მხრივ, თანამშრომლებში ამ თვისებების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყონ ხელი. იგივე ეხება ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებსაც, რომლებშიც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ასევე დაუფასებლები არიან ხოლმე.

გამოდის, რომ ამგვარი ქალები "უბრალოდ ასეთები" არ არიან, არამედ მათი ემოციური ინტელექტი ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგია და მსგავსი უნარის შეძენა ყველა ჩვენგანს შეუძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.