გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
ფოტო: Shutterstock.com
ექსპერტთა გლობალურმა კომისიამ ახალ ანგარიშში 17 "კატასტროფული" საფრთხე დაასახელა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მიმდინარე საუკუნეში ემუქრება. მკვლევრების თქმით, მათგან 2-ს ადამიანთა გადაშენების მიზეზად ქცევის პოტენციალი აქვს, ესენია: ბირთვული კონფლიქტი და ხელოვნური ინტელექტის (AI) საზიანო მიზნით გამოყენება.
ავტორები აცხადებენ, რომ ეს ყველა საშიშროება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამიტომ მათ ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. მეცნიერთა პროგნოზით, ზემოხსენებული 2 საფრთხის სცენარი, დიდი ალბათობით, არ ახდება, თუმცა საყურადღებოა, რადგან მთლიანად კაცობრიობის მოსპობა შეუძლია.
ექსპერტებმა აქამდეც აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღების შედარებით ნაკლებად გვეშინია, ვიდრე, მაგალითად, ცივი ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მხრივ, AI-ს ამ კონტექსტში განხილვა დღეს ძალიან აქტუალურია და ბევრი მსჯელობს, რა გავლენას იქონიებს მსგავსი ტექნოლოგიის ფართო გამოყენება ადამიანის გონებაზე ან სოციუმზე.
ასევე იხილეთ: როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
მეცნიერთა მიერ გამოვლენილ დანარჩენ საფრთხეებს შორისაა:
- ჰაერის დაბინძურება;
- ჯანდაცვის განსავითარებლად ფინანსების ნაკლებობა;
- ბუნებრივი პანდემიები;
- ანტიმიკრობული რეზისტენტობა;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- სიმსუქნე;
- ბავშვთა არასათანადო კვება;
- სისხლის მაღალი წნევა;
- არასახარბიელო მენტალური ჯანმრთელობა;
- კლიმატის ცვლილება;
- უთანასწორობა შემოსავლებში;
- მოწევა;
- ჩვეულებრივი კონფლიქტი (რომელშიც გამოყენებულია ჩვეულებრივი და არა მასობრივი განადგურების იარაღი);
- განათლების დაბალი დონე;
- არაჯანსაღი დაბერება.
კლიმატის ცვლილების გავლენა და საფრთხეთა ჯაჭვი
ჩამოთვლილი საფრთხეებიდან ზოგის გავლენას უკვე ვგრძნობთ. მაგალითად, კლიმატის ცვლილება ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ამას უკავშირდება როგორც სიცხის გამო ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები, ისე გადასასხმელად განკუთვნილი სისხლის მარაგის შემცირება ბუნებრივი მოვლენების გამო. აღსანიშნავია წყალდიდობებისა და შტორმების დროს საშიში ბაქტერიების გავრცელება და დაავადებების გამომწვევი მწერების ახალ არეალებში გამრავლება.
აქვე უნდა ვახსენოთ ამჟამინდელი ე.წ. სუპერ ელ-ნინიოც. ამ ბუნებრივი ფენომენის დროს წყნარი ოკეანის მიმდებარედ ზედაპირული წყლები თბება, რაც ციკლური ხასიათისაა და გლობალურად ტემპერატურის ზრდას განაპირობებს. მეცნიერთა პროგნოზით, 2027 წლის პირველი ნახევრისთვის მასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება 451 000 იყოს.
ასევე იხილეთ: "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
ამ საფრთხეების ურთიერთკავშირზე ისიც მიანიშნებს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ჰაერის დაბინძურებაა მიბმული. ეს უკანასკნელი კი ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანის გარდაცვალებასთან ისედაცაა დაკავშირებული.
ცალკე პრობლემაა ადამიანთა მიერ პროვოცირებული გაუტყეურება, რაც იმის შანსს ზრდის, რომ დასახლებებში ველური ცხოველები შეიჭრნენ. ეს პირდაპირ საშიშროებასაც ქმნის და შეიძლება მათგან ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გავრცელებასაც შეუწყოს ხელი.
აქ უკვე პანდემიის რისკი ჩნდება, ანუ მასშტაბური ინფექციების. მათთან ასოციაციაში ანტიმიკრობული რეზისტენტობაა — პათოგენური ბაქტერიის გამძლეობა ანტიბიოტიკების მიმართ (იგივე სიტუაციაა სოკოვანი ინფექციების შემთხვევაშიც). პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის ამის საფრთხის წინაშე შეიძლება მილიონობით ადამიანი აღმოჩნდეს.
სწორედ ასეთი ურთიერთკავშირის გამო წარმოადგინეს მეცნიერებმა ეს საფრთხეები პირამიდის სახით, რომლის თავშიც ბირთვული კონფლიქტი და AI-ა. მათ შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები მოდის, ქვემოთ კი 314 "მთავარი რისკი" და სხვადასხვა ფაქტორია, რომლებიც საფრთხის "უფრო ფართო ლანდშაფტს" ქმნის.
როგორ შევებრძოლოთ საფრთხეებს
მეცნიერები ამბობენ, რომ ჯამში ამ 17-მა საფრთხემ შეიძლება 2100 წლისთვის 1 მილიარდი DALY გამოიწვიოს — ნაადრევი სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო დაკარგული წელიწადი. ეს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ფართოდ გამოყენებადი საზომია: 1 DALY ჯანმრთელი ცხოვრების 1 დაკარგულ წელს უდრის.
რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ავტორებმა ჩამოთვლილ საფრთხეებთან შეწინააღმდეგების რამდენიმე გზა შემოგვთავაზეს. მათგან პირველი მზადყოფნაა, რაშიც იგულისხმება, რომ გლობალურად მსოფლიო ლიდერები უნდა შეიკრიბონ და მოილაპარაკონ, რისი გაკეთება შეიძლება. აქ მნიშვნელოვანია თანხები, რომლებითაც ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დაეხმარებიან.
მეორე სამეცნიერო ინოვაციების ხელშეწყობაა, რათა ეს პრობლემები მათი საშუალებით აღმოვფხვრათ. მაგალითად, ასეთი "იარაღი" შეიძლება იყოს ვაქცინები, პრეპარატები, კლიმატისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები და სხვა. მესამე ნაბიჯი ყველა ამ საფრთხის მონიტორინგი და შეფასებაა, რათა მათ ეფექტიანად შევეწინააღმდეგოთ.
ავტორები ამბობენ, რომ მომავალში, სავარაუდოდ, ეს სია შეიცვლება. მაგალითად, არაა გამორიცხული, კლიმატის ცვლილებამ გადაშენების საფრთხის კატეგორიაში გადაინაცვლოს, თუკი მდგომარეობა არ გამოსწორდება. შესაბამისად, მკვლევრები სახელმწიფო ლიდერებს დაუყოვნებლივი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.
ახალი ანგარიში გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.

კომენტარები