შავი მყლაპავი თევზი (Chiasmodon niger) პატარა არსებაა, რომელიც საშუალოდ მხოლოდ 10-20 სანტიმეტრამდე იზრდება. მისი ზომა სასკოლო სახაზავს არ აღემატება. თუმცა, ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ დიდი მიზნები დაისახოს. ამ ერთი შეხედვით უბრალო თევზს საკუთარ მასაზე ათჯერ დიდი მსხვერპლის გადაყლაპვა შეუძლია.

ეს თითქოს სუსტის გამარჯვების მომენტია — თითქოს დავითმა გოლიათი გადაყლაპა — და ეს უკიდურესად იშვიათი მოვლენა მეცნიერებმა სულ ახლახან დააფიქსირეს.

"[შავი მყლაპავი თევზის] ველურ ბუნებაში დანახვა უკიდურესად იშვიათია. მე პირველად ის თითქმის ათი წლის წინ ვნახე მექსიკის ყურეში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეორე შანსი მომეცემოდა. მაგრამ ამ ექსპედიციამ დიდი შედეგი მოგვცა", — ამბობს ექსპედიციის მთავარი მეცნიერი, დივა ამონი, შმიდტის ოკეანის ინსტიტუტიდან (SOI).

შავმა მყლაპავმა თევზებმა ევოლუცია განიცადეს, რათა მაქსიმალურად აეთვისებინათ ღრმაწყლოვანი გარემო, სადაც საკვები მწირია. მათ აქვთ სახსრიდან ამომვარდნავი ყბა და ასევე კუჭი, რომელიც ბუშტივით იწელება. ამგვარად, თუ გემრიელ ლუკმას შენიშნავენ, შეუძლიათ ის მთლიანად გადაყლაპონ, თუნდაც მათზე დიდი იყოს. ამის მიუხედავად, ბევრი ჩვენგანის მსგავსად, ზოგჯერ შავმა მყლაპავმა თევზმაც შეიძლება იმაზე დიდი ლუკმა ჩაკბიჩოს, ვიდრე "დაღეჭვას" შეძლებს.

სწორედ ამ თვისების გამო ამ სახეობის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს ოკეანის ზედაპირზე, უკვე მკვდარს პოულობენ. ეს იმის გამო ხდება, რომ თუ ეს არსება საკვებს საკმარისად სწრაფად ვერ მოინელებს, მის გაბერილ კუჭში არსებული საჭმელი ლპობას იწყებს. ამ დროს გამოიყოფა აირები, რომლებიც თევზის ზედაპირზე ამოტივტივებას უზრუნველყოფს.

2007 წლის ერთ-ერთ ცნობილ შემთხვევაში, კაიმანის კუნძულებზე იპოვეს მხოლოდ 19 სანტიმეტრი სიგრძის მკვდარი მყლაპავი თევზი, რომელსაც 86 სმ სიგრძის გველისებრი სკუმბრია (Gempylus serpens) ჰქონდა გადაყლაპული — ეს მის ზომაზე 4.5-ჯერ დიდი სადილია.

ახალი შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ თევზი თავის ბუნებრივ გარემოში დაცურავს და მისი კუჭი ბევრად უფრო გაბერილია, ვიდრე ცოცხალი თევზის სხვა კადრებში. აღსანიშნავია, რომ ოკეანის სიღრმეში შეუძლებელია იმის გაგება, თუ სინამდვილეში რა შეჭამა ცხოველმა.

"ნეტავ, ზღვაში CT სკანერი გვქონდეს. საიდუმლო იმის შესახებ, თუ რა მიირთვა ამ პატარა არსებამ სადილად, შესაძლოა ვერასდროს ამოიხსნას, — ამბობს ამონი.

ეს იდუმალი თევზი და მისი სადილობის უჩვეულო მეთოდი, მისი დაფიქსირების მიუხედავად, კვლავ ნაკლებად არის შესწავლილი. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს არსება მსხვერპლს კუდიდან ჭამს და ნელ-ნელა "მიაცოცებს" მას მუცელში, თავისი უნიკალური, უკან მიმართული კაუჭისებრი კბილების მეშვეობით. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მის გარეგნობაზე დაფუძნებული ვარაუდია.