Google-მა ახალი საიტი გამოუშვა, რომელშიც შეგვეძლება გადავამოწმოთ, არის თუ არა მასალა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული. ეს SynthID ტექნოლოგიის განახლების ფარგლებში გააკეთეს, თავად ინსტრუმენტს კი SynthID Detector ჰქვია.

განახლების ფარგლებში მეტი მასალის ამოცნობაც იქნება შესაძლებელი. გარდა თავად Google-ის მოდელების მიერ შექმნილი შიგთავსისა (იქნება ეს სურათები, ვიდეოები თუ აუდიომასალები), ინსტრუმენტი OpenAI-ს, NVIDIA-სა და Kakao-ს მიერ გენერირებულ ფაილებსაც ამოიცნობს. როგორც კომპანია გვპირდება, ეს მალე Apple-ის AI-ს გენერირებულ შიგთავსზეც გავრცელდება.

SynthID გუგლის ინსტრუმენტია, რომელიც AI-გენერირებული სურათების, ვიდეოებისა და აუდიომასალების ამოსაცნობად შექმნეს. Google-ის AI მოდელები თავიანთ შექმნილ მასალებს იარლიყებს ადებს, რომლებიც თვალისთვის უხილავია. SynthID-ს ამ ნიშნების ამოცნობა შეუძლია, შემდეგ კი გვატყობინებს, არის თუ არა მასალა AI-ს მეშვეობით გენერირებული ან მოდიფიცირებული.

Google-ის განცხადებით, კომპანიამ სპეციალური უხილავი იარლიყებით მინიმუმ 180 მილიარდი სურათი და ვიდეო მონიშნა, ასევე 240 ათასი წელი ხანგრძლივობის აუდიომასალა. ეს ყველაფერი 2023 წლიდან მოყოლებული მოასწრეს — მას შემდეგ, რაც ინსტრუმენტი გამოუშვეს.

SynthID Detector-ის გამოსაყენებლად უბრალოდ synthid.com საიტზე უნდა შეხვიდეთ. შემდეგ Google-ის, Apple-ის ან ChatGPT-ს ანგარიშით სისტემაში შეხვალთ და შეგეძლებათ, ინსტრუმენტს სასურველი ფაილი აუტვირთოთ. SynthID Detector გაგაგებინებთ, აღმოაჩენს თუ არა SynthID იარლიყს, ანუ მიიჩნევს თუ არა მასალას AI-გენერირებულად.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ SynthID Detector პირდაპირ AI-გენერირებული შიგთავსის ამომცნობი ინსტრუმენტი არაა — იგი მხოლოდ სპეციალურ უხილავ იარლიყებს აფიქსირებს, რომლებსაც კონკრეტული AI მოდელები ადებს AI-გენერირებულ მასალებს. თუკი AI-ს მიერ შექმნილ ისეთ მასალას ატვირთავთ, რომელსაც SynthID ნიშანი არა აქვს, SynthID Detector მისი წარმომავლობის ამოცნობაში ვერ დაგეხმარებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.