Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
ფოტო: Chip Somodevilla/Getty Images
რძე ვერ "დაჰაკავს" კომპანიებსა და მთავრობებს, როგორც ხელოვნური ინტელექტი (AI) აკეთებს, თუმცა იგი მაინც ამ უკანასკნელზე მკაცრადაა რეგულირებული. ეს მოსაზრება ITV-სთან საუბრისას ბრედ სმითმა, Microsoft-ის პრეზიდენტმა, გამოთქვა 9 ოქტომბერს.
"თქვენი სარეცხის მანქანა ამჟამად უსაფრთხოების უფრო მეტ წესს ემორჩილება, ვიდრე AI", — თქვა მან — "ყოველი ყუთი რძე, რომელსაც მაღაზიაში ხედავთ, უსაფრთხოების წესებსა და ინსპექტირებას ექვემდებარება".
აშშ-ის ტექგიგანტები — მათ შორის Anthropic, OpenAI და Google-ის DeepMind — ინიციატივით გამოვიდნენ, რომ AI-ს განვითარების ტემპი უნდა შენელდეს. მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, აზრით, ამერიკის AI ინდუსტრიას დაჩქარება სჭირდება, რომ ჩინეთს გაუსწროს და ლიდერობა შეინარჩუნოს.
ნაცვლად მთავრობის ჩარევისა, ტრამპს ურჩევნია, რომ AI კომპანიებმა თვითრეგულირებას მიმართონ. ე. წ. ზეინტელექტის სამიტზე AI-ს წამყვანმა ლიდერებმა — მათ შორის სუნდარ პიჩაიმ (Google), დარიო ამოდეიმ (Anthropic), მარკ ზაქერბერგმა (Meta), გრეგ ბროკმანმა (OpenAI), ილონ მასკმა (X) და ჯენსენ ჰუანგმა (NVIDIA) — შეთანხმებას მოაწერეს ხელი. იგი რამდენიმე ძირითად პრინციპს გულისხმობს, რომელთა შორისაა: თვითრეგულირების დანერგვა, უსაფრთხოების ზომების მიღება, რათა მოწინავე მოდელები კონტროლს არ დაუსხლტნენ, და "დამოუკიდებელი აუდიტორების" გამოყენება მოდელების შესაფასებლად.
კრიტიკოსები, ცხადია, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთმა მათგანმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს შეთანხმება კომპანიებს საშუალებას აძლევს "თვითონ განსაზღვრონ, რა ითვლება უსაფრთხოებად", ხოლო მეორემ აღნიშნა, რომ "ეს შეთანხმება ყურადღების გადატანას ემსახურება და უნდა დავაიგნოროთ".
სმითის აზრით, აშშ-ის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების ნაკლებობა დიდ ბრიტანეთს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, AI-ს რეგულირებას ჩაუდგეს სათავეში.
"ვაშინგტონში ხალხი დიდ ბრიტანეთსა და ლონდონს ისე არ უყურებს, როგორც ბრიუსელს — ეს ჩვენი ძლიერი მხარეა", — აღნიშნა მან — "ვიმედოვნებ, ესაა როლი, რომელიც, როგორც კომპანიამ, შეგვიძლია ვითამაშოთ. ვიმედოვნებ, ესაა როლი, რომელიც დიდ ბრიტანეთს, როგორც ქვეყანას, შეუძლია იკისროს. იმ მოდელების ყურებისას, რომლებიც იმდენად ძლიერია, მსოფლიოს კიბერუსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ვიტყოდი: ეს მომენტი უკვე დადგა".
კომენტარები