პრემიერი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო.

ხაზი გაესვა ვიცერეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გამოითქვა მზადყოფნა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს.

ყურადღება დაეთმო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

პრემიერმინისტრმა ვიეტნამის ვიცეპრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.