ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) სოციალურ ქსელში კოორდინირებული არაავთენტური ქსელი გამოავლინა, რომლის მიზანიც, მათი თქმით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების პოპულარობის ხელოვნური ზრდაა.

მონიტორინგის შედეგად ნაპოვნია 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში, რომელთა უმრავლესობას ძირითადად ქართული სახელები აქვს და 2 დღის ინტერვალში — 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა.

როგორც ISFED წერს, აღნიშნული ანგარიშები InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს იწონებენ.
ქსელის ანგარიშების უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებულ გამოსახულებებს იყენებს და იდენტურ ფეისბუქგვერდებს იწერს. ISFED-ის ცნობით, ანგარიშების ერთი წყაროდან მართვაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ერთი და იგივე პროფილები სხვადასხვა პოსტს ზუსტად იდენტური თანმიმდევრობით იწონებენ.

გარდა ამისა, ISFED-ის ცნობით, ქსელში ასევე გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშებიც. მათ შექმნის თარიღები ემთხვევა იმ პერიოდებს, რომლებიც ორგანიზაციამ ადრე, ტელეკომპანია "იმედის" პოსტზე გამოვლენილი ქსელის შესწავლისას დააფიქსირა.

ISFED-ის განცხადება სრულად იხილეთ აქ.