"ქართული ოცნების ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?" — ასე პასუხობს თბილისის მერი კახი კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევას ყალბ ანგარიშებზე.

კალაძის აზრით, მმართველ პარტიას ყალბი გვერდებიდან მხარდაჭერა არაფერში სჭირდება. ამის მაგალითად მან 4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნები მოიყვანა. კალაძის განმარტებით, საზოგადოების განწყობა ამ ოთხივე მუნიციპალიტეტში მოგებული არჩევნებითაც ჩანს. ცნობისთვის, ახმეტაში კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავდა წარდგენილი.

"მარტივ შეკითხვას ვსვამ: ვისგან ფინანსდება "სამართლიანი არჩევნები" (ISFED)? ვნახოთ, საიდან იღებს დაფინანსებას და თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება ძალიან მარტივად. ჯერ ქართული ოცნების ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? აგერ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები კონკრეტულ ქალაქებში. აი, ეს არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. იცით, რა არის პრობლემა? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, "ბაბლი", თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ. ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი, რომ რაც უფრო მალე დაანახებთ რეალობას, უფრო კარგი იქნება თქვენთვის. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი, შეფასება გააკეთო და სწორი დასკვნები გამოიტანო შენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე," — განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, "სამართლიანი არჩევნების" (ISFED-ის) ინფორმაციით, გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელშიც 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიშია გაერთიანებული და რომლის ანგარიშების უმრავლესობა 2026 წლის 25-26 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში შეიქმნა. ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, ანგარიშები InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე "ქართული ოცნების" ლიდერების — ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს ხელოვნურად უწონებენ. ანგარიშების უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებებს იყენებს, ერთსა და იმავე გვერდებს იწერს და პოსტებს იდენტური თანმიმდევრობით იწონებს, რაც, ISFED-ის შეფასებით, მათ ერთი წყაროდან მართვაზე მიუთითებს.