2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები მიუძღვნა.

მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები კი პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა. ინფორმაციას სებ ავრცელებს.

მათი ცნობით, მონეტის წინა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის გამოსახულება და საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო ქრისტიანული ნათლობის სცენა. ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული სამი მტრედი ყოვლადწმინდა სამების, ხოლო ერთ-ერთი მტრედის ნისკარტში მოქცეული ზეთისხილის რტო სულიწმინდის სიმბოლოა. მონეტის ზედა ნაწილში წრიულად დატანილია წარწერები: "საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო — 1700", ხოლო ჯვრის ქვემოთ — საიუბილეო ციფრი "1700" სტილიზებული სახით.

ვერცხლის მონეტაზე ჯვრის გამოსახულება მოცულობითია და ახალი ტექნოლოგიით — ხისებრი ფაქტურით არის შესრულებული, ხოლო სტილიზებული ციფრი "1700" ოქროსფერია.

მონეტის უკანა მხარეს მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოში ქრისტიანული რწმენის, სიძლიერისა და უწყვეტობის ნიმუში — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გუმბათის ზემოთ, რკალზე, დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა. რკალის ზემოთ გამოსახულია მზის სხივები, მარადისობის და ქრისტეს, როგორც "სამყაროს სინათლის" სიმბოლო. მონეტას რკალად გასდევს ტრადიციული ქართული ორნამენტი, რაც ურთიერთდაკავშირებულობასა და უწყვეტ მემკვიდრეობას აღნიშნავს. მონეტის ზედა ნაწილში დატანილია წარწერები "საქართველო 2026 GEORGIA".

ოქროს მონეტის ნომინალი 10 ლარია, მისი შემადგენლობაა Au 900, წონა — 8.5 გრამი. 2026 წელს გამოშვებული მონეტის მოჭრის რაოდენობა 3 000 ცალია. ვერცხლის მონეტის ნომინალი 5 ლარია, მისი შემადგენლობაა Ag 925, წონა — 28.28 გრამი, რაოდენობა — 10 000 ცალია

ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს. ვერცხლის მონეტები 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია.

მონეტების რეალიზაცია 2026 წლის 13 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.