"კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს...ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში გამოჩნდებოდა ყველაფერი, თუმცა ამ ბრალდების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს", — ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პატიმარ დავითაძის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაც შეეხება ბადრაგის მხრიდან ძალის გამოყენებას, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა.

"კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს. მალევე დაიწყო გამოძიება, ასევე საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველმა. ვერც სახალხო დამცველმა დაადგინა ამ ბრალდების ვერავითარი მტკიცებულება და არც პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში არ დადგინდა არავითარი მტკიცებულება ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არც ვიდეოკადრებით არ დგინდება ეს ყველაფერი. ეს არის ფაქტები. არ არსებობს არავითარი ფაქტი, მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბრალდების მართებულობაზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. უწყების ცნობით, მოპოვებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს.