ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა, სადაც საკრებულოების მაჟორიტარები აირჩიეს. არჩევნებში ორი პარტია: ქართული ოცნება და ლელო — ძლიერი საქართველო იღებდა მონაწილეობას.

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1 136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06%-ია. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოთხივე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ახმეტაში კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავდა წარდგენილი — ლევან ითიურიძემ შუალედური არჩევნები, კონკურენტის გარეშე, 115 ხმით მოიგო.

ცესკოს ცნობით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ფოტო: ცესკო

დმანისი

  • ვაჟა ნონიაშვილი (ლელო) — 2 ხმა —1.504%;
  • ირაკლი სარსევანიძე (ქართული ოცნება) — 131 ხმა — 98.496%;

წალკა

  • ზაზა შანთაძე (ლელო) — 14 ხმა — 3.263%;
  • ნანული ხინიკაძე (ქართული ოცნება) — 415 ხმა — 96.737%;

ვანი

  • ბექა კოპალაძე (ლელო) — 57 ხმა — 12.838%;
  • ვაჟა ხელაძე (ქართული ოცნება) — 387 ხმა — 87.162%;

ახმეტა

  • ლევან ითიურიძე (ქართული ოცნება) — 115 ხმა — 100%.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ცესკოს განცხადებით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში — მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში — საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.