ALDE-ს პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანიმ და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" პრეზიდენტმა, იან-ქრისტოფ ოეტჯენმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ერთობლივი წერილით მიმართეს.

ლიდერები საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის სწრაფ გაუარესებასა და "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" (FNF) მიერ თბილისის ოფისის დახურვის იძულებით გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფონდი საქმიანობის შეწყვეტამდე ქვეყნის დემოკრატიული ძალების მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოიყენოს მიზნობრივი სანქციები დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ შელახვაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

"გწერთ საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის სწრაფი გაუარესების, და კერძოდ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის (FNF) მიერ ქვეყანაში ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ თბილისის ოფისის დახურვის იძულებითი გადაწყვეტილების გამო.

FNF იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საქართველოში მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მისი გრანტის განაცხადის დამტკიცებაზე. ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებოდა, თუ ის მათი პრიორიტეტების შესაბამისი იქნებოდა. ამ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ იგი ვეღარ შეძლებდა თავისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდის მისიის შესრულებას.

ეს არის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არსებული მზარდი შეზღუდვებისა და პროტესტში მონაწილეების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების ფართო რეპრესიების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. 2002 წლიდან მოყოლებული, FNF იყო ქვეყნის დემოკრატიული ძალების მნიშვნელოვანი პარტნიორი პოლიტიკური განათლების, დემოკრატიული ჩართულობის, კანონის უზენაესობის, ევროინტეგრაციისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში.

ეს მოვლენები აჩვენებს, თუ რამდენად შორს მიდის ქართული ოცნების რეჟიმი იმ სტანდარტებისგან, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან, და სახიფათო სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისა და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი მისი ერთგულებისთვის.

ALDE-ს პარტია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპული ლიბერალური ფორუმი, ერთობლივად, მუდმივად გამოთქვამს შეშფოთებას დემოკრატიული უკუსვლის გამო. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიყენოს მიზნობრივი სანქციები საქართველოს რეპრესიებსა და დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ შელახვაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა აუცილებელია შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოფილიყო, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ", — აღნიშნულია წერილში.