ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და მეტეოროლოგზე, კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დანის გამოყენებით მუქარის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ცხელ კვალზე ჩაატარეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაკავებამდე ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ისმის, როგორ ემუქრება მას უცნობი მამაკაცი დანის გამოყენებით ("ტ*აკში დაჭრით") იმ შემთხვევაში, თუ ცალკე არ გაჰყვება. ჟურნალისტის თქმით, მასზე თავდასხმა და შეურაცხყოფა გარეგნობის გამო მოხდა.

ფარტენაძის განცხადებით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მასზე თავდასხმები თუ მუქარა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს/

"ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან. ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. [...] რამდენჯერ უნდა თავს დამესხან, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ ეს უკვე სისტემურ პრობლემად მიიჩნიოს?" — წერდა ჟურნალისტი.

კობა ფარტენაძემ დახმარებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა დროულად მომხდარიყო რეაგირება და მოძალადეებს სათანადო პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ.