ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზეოლოგიის სამსახურის უფროსი ლევან გოგუაძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მოითხოვა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

"გამოვედი სამსახურში სამუშაოდ. მოვედი, შევედი საოპერაციოში და საოპერაციოში მითხრეს, რომ თქვენი ოპერაციაზე დაფიქსირება არ შეიძლება იმიტომ, რომ ვარ გათავისუფლებული", — თქვა მან მთავარ არხთან.

On.ge დაუკავშირდა კლინიკის დირექტორს, დავით მდინარაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ლევან გოგუაძე 5-დან 11 ნოემბრამდე სამსახურში არ გამოცხადებულა ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია და ამიტომ გათავისუფლეს. მისი თქმით, სჭირდება ექიმი, რომელიც პაციენტს უმკურნალებს და გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიუღია.

"5 ნოემბრიდან რომ წავიდა ეს ადამიანი კლინიკიდან, გამოცხადდა დღეს. დღეს არის 11 ნოემბერი. ეს ადამიანი 5 ნოემბერს სად წავიდა სამსახურიდან მე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ სოციალურ ქსელში 6 ნოემბერს დადო, რომ სადღაც იმყოფებოდა აქციაზე. ესეც ჩემი საქმე არ იყო.

7 ნოემბერს ლევან გოგუაძე ბრძანებით იყო მორიგე რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც იწვა 10 თუ 12 უმძიმესი პაციენტი. ლევან გოგუაძე 7 ნოემბერს სამსახურში მორიგეობაზე არ გამოცხადდა. ტელეფონით ვრეკავდით მასთან, ტელეფონს არავინ პასუხობდა. არავისთან არ დარეკა ლევან გოგუაძემ, არავინ საქმის კურსში არ ჩააყენა, იძულებული გავხდით, მოგვეძებნა სხვა ექიმი, რომ გოგუაძე ჩაგვენაცვლებია", — თქვა მდინარაძემ On.ge-სთან.

მისივე თქმით, შემთხვევით ნახა ლევან გოგუაძის 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ "მიატოვა კლინიკა, მიატოვა მძიმე ავადმყოფები". მთავარ არხთან ინტერვიუში 8 ნოემბერს გოგუაძე ამბობდა, რომ უარს აცხადებდა პაციენტების მკურნალობაზე, თუ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ კლინიკაში.

ამასთან როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს 9 ნოემბერს გოგუაძემ დაურეკა და უთხრა, რომ შეერთდა საპროტესტო აქციას და სამსახურში აღარ ივლიდა.

"პრობლემა მაქვს ექიმების და მომეძებნა უნდა ახალი კადრი. აბა რა უნდა გამეკეთებინა? მე მჭირდება ექიმი, რომელიც უმკურნალებს პაციენტს. მე სულ არ მაინტერესებს მისი პოლიტიკური მიმართულება და არავის პოლიტიკურ მიმართულებას და არ ვუკრძალავ", — განაცხადა მან.

გოგუაძე ადასტურებს, რომ მორიგეობა გააცდინა. მისი თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ თბილისში იყო წასული ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაზე. თუმცა როგორც ის ამბობს, მის მოვალეობებს ასრულებდა სხვა პერსონალი და პაციენტებს პრობლემა არ შექმნიათ.