საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის — SaqAnima-ს ორგანიზებით, 13-14 ნოემბერს საქართველოში გაიმართება პირველი საერთაშორისო ანიმაციის კონფერენცია — ანიმა თბილისი 2021.

კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, დირექტორებს, სპონსორებს, ანიმატორებსა თუ ტელერედაქტორებს აძლევს საშუალებას მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ანიმატორებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიცნონ საერთაშორისო ანიმაციის წარმომადგენლები, მიიღონ მონაწილეობა დარგში საუკეთესო სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებში.

მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქართულ ანიმაციაზე, გაეცნობიან ქართველი ანიმატორების ნამუშევრებსა და მათთან შესაძლო კოლაბორაციისა თუ პარტნიორობის შესაძლებლობას.

კონფერენცია გააერთიანებს პანელურ დისკუსიების, ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას, მასტერკლასებსა და სამუშაო შეხვედრებს.

კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ქვეყნები და ა.შ.

ანიმა თბილისი 2021 ქართველი ანიმატორებისთვის შექმნის პლატფორმას, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით.

Covid-19-თან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლო მოსალოდნელი შეზღუდვების გათვალისწინებით, კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს კონფერენციას დაესწრონ, როგორც ფიზიკურად, ასევე, ვირტუალურ სივრცეში — www.saqanima.com

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.saqanima.com/anima-tbilisi/

ფოტო: ანიმა თბილისი

კონფერენციის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი:

  • USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (The USAID Economic Security Program)

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები:

  • თბილისის მერია, საქართველო (Tbilisi City Hall, Georgia)
  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველო (Georgian National Film Center, Georgia)
  • გოეთეს ინსტიტუტი, გერმანია (Goethe Institute, Germany)

კონფერენციის პარტნიორები:

  • ანსის საერაშორისო ანიმაციური ფილმის ფესტივალი, საფრანგეთი (Annecy International Animated Film Festival, France)
  • CEE ანიმაცია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (CEE Animation, Eastern European Countries)
  • ანიმაფილმი საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალი, ბაქო, აზერბაიჯანი (Animafilm International Animation Festival Baku, Azerbaijan)
  • უკიო, საქართველო (Ukiyo, Georgia)

კონფერენციის მედია პარტნიორი:

  • On.ge