ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელზე საუბრისას, მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას, კანონს თავი აარიდონ.

"მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა სისტემა, რომელიც მათ კორუფციასთან საბრძოლველად აქვთ დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს. მანვე მოუწოდა სხდომაზე მყოფებს, რომ თანამშრომლები გააფრთხილონ.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იყოს ყველა ძალიან ყურადღებით და ყველამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში", — განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.