თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს სასამართლოში მიაწოდეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა", — აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებიდან ექვსი უკრაინის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოსი. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს გავრცელდა.

ტელეკომპანიების რუსთავი 2-სა და TV პირველის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ლუკა ჩხეტიაა, რომელიც საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, თუ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება უკანონოდ ხდება.