#მამისდღე: მიშა ბახსოლიანი — აცადე, თვითონ აღმოაჩინოს!
"აცადე, თვითონ აღმოაჩინოს!" — თქვა მეგობარმა კვირას, როდესაც, ნახევრად გაყინული, მთლიანად დასველებული და ვერდაჭერილ თევზებზე ცოტათი გაბრაზებული, მანქანას წალკიდან მანგლისისკენ მოაგორებდა.
რაღაც წიგნზე იყო ლაპარაკი, რომლის რჩევასაც შვილისთვის არ აპირებდა. უნდოდა ბავშვს თვითონ ეპოვა და ისე წაეკითხა. ამტკიცებდა, ისე მუღამი არ აქვსო. კამათი არ შედგა, ეგრევე დავეთანხმე. საკუთარი გამოცდილება მეც იმავეს მკარნახობდა, თან მამების დღისთვის ბლოგის დაწერას ვაპირებდი და მაშინვე მივხვდი, სათაური უკვე ნაპოვნი მქონდა.
ჩემი და ჩემი რვა წლის შვილის, ნიკუშას ურთიერთობაც ასეა. სჯობს არაფერი ვურჩიო. რადგან როცა რამეს ვურჩევ, დავალებად იღებს და მონდომებით, მაგრამ სიამოვნების გარეშე აკეთებს.
ერთხელ თავის დღიურში, აი, ახლა რომ რაღაც კარგად შეკრული და ვიღაცის კითხვებით ავსებული დღიურები გამოდის, ისიც კი ჩაწერა, რომ ყველაზე მეტად წერა და კითხვა არ უყვარდა. არადა, ძალიან გამიხარდა, როცა ჰარი პოტერის პირველი ორი ტომი წაიკითხა და კიდევ ბევრი ისეთი წიგნი მიაყოლა, რაზეც ბავშვობაში მხოლოდ ოცნება შემეძლო. ის კი არა და, მაგ დროს, ყველას ვუყვებოდი, რომ ჩემი შვილი კითხვაზე გიჟდებოდა, რომ ძილის დროს ბალიშის ქვეშ ედო, რომ წიგნი მისთვის საუკეთსო საჩუქარი იყო.
მამები ხომ რაღაცნაირი ცოტათი გაბღენძილი ხალხი ვართ. ჰოდა, მეც ამით რაღაცნაირად ზედმეტად ვამაყობდი და თურმე.
კითხვის ამბავში ცოტა ჩავფლავდი. ნიკუშა ახლაც კითხულობს წიგნებს, მაგრამ, ძირითადად იმათ, რასაც მე ან შარლე ვურჩევთ და ვთხოვთ, წაიკითხოს. ეგ კიდევ არ ითვლება, რადგან მირჩევნია თაროებზე აძვრეს და ნებისმიერი, თუნდაც მისთვის სრულიად შეუფერებელი წიგნი აარჩიოს, შემდეგ კი ერთი გვერდი ჩვენ უთქმელად წაიკითხოს.
თუმცა ეს ერთგვარი მარცხი სხვა ამბავში გამომადგა. გაბღენძილობასთან ერთად, არაერთი მამა ფეხბურთის მოყვარული ხალხი ვართ. ფეხბურთლობაზეც ბავშვობიდანვე ვოცნებობთ, მაგრამ ხშირად სხვა გზას ვადგებით და ბუღალტრები, არქეოლოგები ან მერჩენდაიზერები ვხდებით. შემდეგ კი ბავშვები შეგვყავს ფეხბურთზე და ჩვენი ოცნებების ახდენას მათ ხარჯზე ვცდილობთ. ჰოდა, არ ამართლებს ეგ, ჩემი თუ არ გჯერათ.
ფეხბურთის ამბავში ზუსტად საპირისპიროდ მოვიქეცი. არაფერი გავაკეთე, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა. უბრალოდ, საღამოობით ნიკუშასთან ერთად ფიფა 21-ს ვთამაშობდი, ხანდახან ფეხბურთს ვუყურებდი და საქმეც თავისით გამოვიდა.
ჯერ მოთამაშეების სახელები დაიმახსოვრა, მერე მათი მონაცემები, ნეიმარს 92, დე ხეას 86. შემდეგ მონაცემების შიდა მონაცემები და ერთ დღესაც: "მამი, მბაპეს მიყიდი? 96-ს დარბის, იყიდე რა, მაგარი სწრაფია".
მერე თვითონ ფეხბურთელებიც შეიყვარა კი არადა, ზუსტად ყველაზე სწრაფი მბაპე. "დღეს მბაპე ხომ არ თამაშობს?", — მკითხა ასჯერ, სანამ მართლა ისეთი თამაში არ დაჯდა, სადაც მბაპემ ბარსელონას გადაურბინა.
მერე სკოლაში ფეხბურთის თამაში გახდა საყვარელი საქმე. ძმასთან ერთად, დერეფანში შავ პანტერას ბურთმა ხელი რომ მოტეხა, გაბრაზება არც მიფიქრია. სარკეებიან კარადას კი დღემდე მაგრად უმართლებს — ასჯერ მაინც გადარჩა.
მერე მთხოვა ფეხბურთზე შემიყვანეო. ხოდა სულ ეგაა რა, ყველაფერი დალაგდა. ახლა უბრალოდ სექტემბერს ველოდები, მანამდე კიდევ უფრო მოუნდება, თან იქნებ ეს კორონაც წელში გადატყდეს და ბურთსაც გავაგორებთ სადმე.
მთავარი გამომრჩა.
ნიკუშასთან ერთად ფეხბურთი სანდრომაც შეიყვარა. სანდრო პატარაა, ხუთი წლის. რამე კარგი ადგილი თუ იცით, აი, ისეთი ძალიან რომ არ გავიწეწო და თან კარგადაც ავარჯიშონ, მომწერეთ.
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ", პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გარეოს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიზრუნოთ ერთად" პასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის და UNFPA-ს ხედვას.
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიზრუნოთ ერთად" მიერ.
კომენტარები