აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად ბარი გახსნა, შრომის ინსპექცია და პოლიცია მივიდა.

ჯაფარიძის განცხადებით, მათ უთხრეს, რომ უნდა გაარკვიონ, ნამდვილად აღმაშენებლის #45-ში არიან თუ არა.

"მერე რა ხდება-მეთქი და რომ გავარკვევთ, მოგახსენებთო", — თქვა ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების კითხვას, ითქვა თუ არა რამე დაჯარიმებაზე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ჯერჯერობით არაფერი.

ამ დროისთვის ბარი აგრძელებს მუშაობას. On.ge-ს ჟურნალისტები ადგილზე რჩებიან და მკითხველს განახლებად ინფორმაციას მივაწვდით.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მისი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.

ამ ეტაპისთვის თბილისში ბარ-რესტორნების მუშაობა კვლავ აკრძალულია. რესტორნებისთვის ღია სივრცეში მუშაობა მხოლოდ 15 თებერვლიდან იქნება ნებადართული, შაბათ-კვირის და კომენდანტის საათის გამოკლებით.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ნაწილი იხსნება, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არასაკმარისია და მკაცრი რეგულაციების ფარგლებში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა.