რატომ არის შემოქმედებითი საქმიანობის შეწყვეტა შეცდომა
ფოტო: Gustavo Centurion / Unsplash
როდესაც ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაზე ვფიქრობთ, ჩვეულებრივ, წარმოვიდგენთ საჭმლის მომზადების, ფინანსურ საკითხებთან გამკლავების თუ კონფლიქტების მოგვარების სწავლას ან თუნდაც ემოციური ინტელექტის განვითარებას. როგორც წესი, ჩვენ შემოქმედებით საქმიანობაში დახელოვნებას ყოველდღიურობაში გამოსადეგ უნარად არ აღვიქვამთ. მართლაც, არტისტული ნიჭი განიხილება როგორც თანდაყოლილი თვისება: ზოგი ადამიანი ხელოვანია, ზოგი კი — არა.
ამ მოსაზრების მიუხედავად, შესაძლოა, სახელოვნებო უნარების განვითარება უფრო მნიშვნელოვანი მათთვის იყოს, ვინც ფიქრობს, რომ არანაირი შემოქმედებითი ნიჭი არ გააჩნია, ვიდრე მათთვის, ვისაც ამის ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი ნიჭი აქვს. და მაინც, არის თუ არა ხელოვნების ნიმუშთა შექმნა ცხოვრებისეული უნარი? რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას? და რაც ყველაზე მთავარია, მისი ათვისება შესაძლებელია, თუ შემოქმედებითობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია?
ჩვენი თანდაყოლილი სიყვარული ხელოვნებისადმი
ინდონეზიაში, მღვიმეების კედლებზე ნაპოვნი გამოსახულებები დაახლოებით 40 ათასი წლით თარიღდებიან და დღეისათვის ისინი ხელოვნების უძველეს ნიმუშებად მიიჩნევა. ადამიანები რაღაც ტიპის საქმიანობას 40 ათასი წლის განმავლობაში შეუწყვეტლად არ ახორციელებენ, თუ ეს ქმედება მათში გენეტიკურად არაა გამჯდარი. შესაბამისად, ხელოვნების შექმნა ისევე ადამიანურია, როგორც კომუნიკაცია, სიცილი ან სუნთქვაა.
ფოტო: Maxime Aubert / PA
"ჩემი ვარაუდით, თავად ხელოვნება არის არა ბუნებრივი გადარჩევის პირდაპირი პროდუქტი, არამედ ეს არის ირიბი შედეგი ჩვენი გაზრდილი ტვინის, რომელიც, თავის მხრივ, თვითგადარჩენის მიზეზთა გამო განვითარდა", — ამბობს ფსიქოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, ელენ უინერი, — "ხელოვნება, უბრალოდ, ისეთი რამაა, რასაც ძალაუნებურად ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ის გადარჩენისთვის არ გვჭირდება, ჩვენი ცხოვრება მის გარეშე სრულიად განსხვავებული იქნებოდა. სხვადასხვა დარგის ხელოვნება ცხოვრებისთვის აზრის შეძენის, საკუთარ თავისა და სხვების გაგების საშუალებაა; მნიშვნელობათა შექმნის პროცესი ისეთივე ღირებულია, როგორც — მეცნიერებები".
ესთეტიკის დაფასების გრძნობა ადამიანებში იმდენადაა თანდაყოლილი, რომ ჩვენ მარტივად ვასხვავებთ ოსტატის მიერ შექმნილ აბსტრაქტულ ნამუშევარს, — ვთქვათ, ფერწერულ ტილოს რამდენიმე ფერადი ლაქით, რომლის მსგავსაც, ერთი შეხედვით, ყველა დახატავდა, — მისი ხელოვნურად გენერირებული ასლებისგან ან ბავშვებისა და ცხოველების მირ შექმნილი მხატვრობის აბსტრაქტული ნიმუშებისგან.
ამრიგად, პირველი არგუმენტი იმის სასიკეთოდ, რომ ჩვენს შემოქმედებით გატაცებას უნდა ავყვეთ, არის ის, რომ ეს ბუნებრივი, ადამიანური მოთხოვნილებაა. დიდი შანსია, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაიმე შემოქმედებითი შექმნათ. ამიტომ, რატომაც არ ღირს ამ უნარის განვითარება? ეს არგუმენტი თავისთავად დამაჯერებელ მიზეზს, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს, მაგრამ შემოქმედებით საქმიანობას უამრავი პრაქტიკული სარგებლის მოტანაც შეუძლია.
შემოქმედებითი საქმიანობის ფიზიკური და გონებრივი სარგებელი
კვლევებით ვლინდება, რომ ხელოვნების ნიმუშთა შექმნა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ერთ-ერთი კვლევის დროს ერთმანეთს შეადარეს ორი ჯგუფი, რომლებმაც 10 კვირა გაატარეს სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობების კეთებაში. პირველი ჯგუფის წევრებმა შექმნეს ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები, ხოლო მეორე ჯგუფმა დრო მუზეუმში, ხელოვნების ნიმუშების შეფასებაში გაატარა. ათკვირიანი დაკვირვების შემდეგ მკვლევრებმა ჯგუფები MRI-ს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით შეადარეს.
ფოტო: Lisk Feng
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნების ნიმუშების შემქმნელი ჯგუფის წევრებს საგრძნობლად მეტი კავშირები ჰქონდათ ტვინის კრიტიკული მნიშვნელობის ნაწილში, რომელსაც ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელს (DMN) უწოდებენ. ეს ქსელი ასოცირდება ისეთ მრავალფეროვან ფუნქციებთან, როგორებიცაა სხვის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება, თანაგრძნობა და მომავლის წარმოდგენა. შემოქმედებითმა საქმიანობამ ამ ადამიანებში არა მხოლოდ ტვინის ეს ნაწილი გააძლიერა, არამედ ამ ჯგუფის წევრებს სტრესთან გამკლავების უნარიც გაუუმჯობესდათ.
სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური ხელოვნების ნიმუშთა შექმნა ამცირებს უარყოფით ემოციებს და ზრდის პოზიტიურებს. ეს საქმიანობა ასევე ამცირებს დეპრესიას, სტრესსა და შფოთვას. მნიშვნელოვანი კავშირი შეიძლება არსებობდეს სახვითი ხელოვნების წარმოებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორისაც. ეს დასკვნა ეფუძნება იმ დაკვირვებას, რომ ვიზუალური ხელოვნების შექმნა კორტიზოლის, იმავე სტრესის ჰორმონის შემცირებას შეიძლება იწვევდეს.
შედარებით ხანდაზმულებში ხელოვნების კურსებზე დასწრებამ გააუმჯობესა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღქმა და ისინი უფრო აქტიურები გახდნენ. ამ ადამიანებმა უფრო ხშირად დაიწყეს ექიმებთან სიარული და შეუმცირდათ საჭირო წამლების რაოდენობა.
შესაძლებელია თუ არა მხატვრობის სწავლა?
ნათელია, რომ მხატვრობას შეუძლია, გააუმჯობესოს შემეცნებითი უნარები და ფიზიკური ჯანმრთელობა. მაგრამ მათ, ვისაც არ სჯერა, რომ არტისტული ნიჭი აქვთ, ეს დასკვნები, შეიძლება, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აღიქვან. ზოგს მიაჩნია, რომ მხატვრობის სწავლა შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზემოთხსენებულ კვლევებში ხალხს ნამუშევართა შექმნა შემთხვევითობის პრინციპით დაავალეს. არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა თანდაყოლილი შემოქმედებითი ნიჭით. ასე რომ, ამ კვლევებით აღმოჩენილი სარგებელი ნებისმიერს შეუძლია მოიპოვს.
ბევრი ხელოვანი მიიჩნევს, რომ, მართალია, ნებისმიერს შეუძლია, რაღაც დონეზე დაეუფლოს ამ საქმიანობას, მაგრამ სახვითი ხელოვნების სფეროს გენიოსები ასეთებად იბადებიან. მეცნიერული კვლევა ამ მოსაზრებას რაღაც კუთხით განამტკიცებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ახალი გამოცდილებისადმი ღიაობის მსგავსი პიროვნული თვისებები ორივე, გენეტიკური და გარემო პირობების შედეგად ვითარდება. თავის მხრივ, ეს თვისება შემოქმედებითი საქმიანობისადმი მიდრეკილ ადამიანებში უფრო ხშირად შეიმჩნევა. შესაბამისად, გამართლებულია დავასკვნათ, რომ სახელოვნებო ნიჭი რაღაც დონეზე, მართლაც, თვითნაბადია.
ფოტო: Anna Kolosyuk / Unsplash
რას ნიშნავს ეს მათთვის, ვისაც სურს, გახდეს წარმატებული ხელოვანი? ზემოთ ნახსენები სამეცნიერო ლიტერატურა იმაზე მეტყველებს, რომ შემოქმედებითი საქმიანობიდან სარგებელი შეგიძლიათ იმის მიუხედავად მიიღოთ, გაქვთ თუ არა ნიჭი. და რადგან ისინიც კი, ვისაც თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, ვარჯიშის გარეშე ხელოვნების სფეროში შორს ვერ წავლენ, იმის შანსიც არსებობს, რომ ნიჭიერი ხართ და, უბრალოდ, ამ უნარის გასავითარებლად არ გარჯილხართ.
მხატვრობით თავის შექცევის შემეცნებითი სარგებელი არ არის დამოკიდებული უნარზე. შემდეგ ჯერზე, როდესაც ლექციაზე დასწრება ან რაიმეს შესწავლა მოგიწევთ, თავს უფლება მიეცით, ფურცლის კიდეებზე ჩანახატები გააკეთოთ: კვლევებმა აჩვენა, რომ ამ დროს 29 პროცენტით მეტი შანსია, მოსმენილი ინფორმაცია დაიმახსოვროთ და ფიქრებში არ წახვიდეთ.
იდეა, რომ ხელოვნების შექმნა არის რაღაც იდუმალი, ამოუცნობი პროცესი, ნელ-ნელა ქრება. სახვითი ხელოვნების ნიმუშთა შექმნა წერის ვიზუალურ ანალოგს უფრო წააგავს — არა მხოლოდ დიდებულ მწერლებს, არამედ ყველას სჭირდება, რომ დღის განმავლობაში რაიმე დაწეროს. ანალოგიურად, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას სჭირდება ყოველდღიურად ჩანახატების გაკეთება, იქნება ეს შემეცნების გაუმჯობესების, სტრესის მოხსნის თუ, უბრალოდ, რაიმეს შექმნით გამოწვეული ბუნებრივი სიამოვნების მიზნით.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები