ამის შესახებ ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა და თან ექსპრეზიდენტის წერილი წაიკითხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.
  • 9 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გადადებამდე მოსამართლე და ადვოკატები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა.
  • თუმცა პროცესზე, სადაც სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელათ, ექსპრეზიდენტი ისევ არ ჩართეს.
  • პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად ტექნიკური მოწყობილობების არარსებობა დაასახელა.

დეტალები: მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ დღეს უარი უთხრეს ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, რაც არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებულია, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.

  • "რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს", — წერს სააკაშვილი.
  • შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიმართავენ სასამართლოს, საელჩოებს, პენიტენციურსა და სამინისტროებს, რომ დროულად უზრუნველყონ მყარი გარანტიები სასამართლოზე ჩართვისთვის.

არქივიდან: უზენაესი სასამართლოს მიერ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირთა შეწყალების საქმეებზე.

  • ასევე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
  • ამ საქმეებზე განაჩენი რამდენიმე წლის წინ გამოიტანეს, თუმცა ექსპრეზიდენტი საქართველოში არ იყო, შესაბამისად, სასჯელის მოხდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში დაბრუნდა და 2021წლის პირველ ოქტომბერს დააპატიმრეს.
  • სამართალდამცავმა უწყებამ მას დამატებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
  • ექსპრეზიდენტმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა — პირველი, 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.
  • მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.
  • ექიმები ამბბოენ, რომ შიმშილობამ ექსპრზიდენტის ჯანმრთელობა დააზიანა.