ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმის შემდეგ, ბიზნესს ყიდის და ქვეყნიდან წასვლას გეგმავს — ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ბიზნესმენმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, რომ ყიდის სავაჭრო ცენტრს, კინოთეატრსა და მშენებარე კორპუსს, რომელთა ჯამური ღირებულება 8–10 მლნ დოლარია. ბიზნესმენი ცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელებას ვენესუელაში გეგმავს, სადაც ქონებასაც ფლობს.

ბიზნესმენის განმარტებით, 11.5 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა საგადასახადო სამსახურმა სამშენებლო კომპანია შპს "ლიტ ჯეო ინვესტში" წილების გამოსყიდვასთან დაკავშირებით დააკისრა. მისივე თქმით, საბანკო დაფინანსების მიღებას ვერ ახერხებს და იძულებულია, ბიზნესი გაყიდოს.

"სახელმწიფო ჯარიმა დამიწერა დეკემბრის ბოლოს. ბანკები არ მაფინანსებენ და იძულებული ვარ გავყიდო ყველაფერი. კომპანია ვიყიდე, შევაფასებინე სამხარაულს კომპანიის ქონება ნასყიდობა რომ გამეკეთებინა. სახელმწიფომ ვითომ ფულის გათეთრებად ჩამითვალა და დამაჯარიმეს. საბურთალოზე ავაშენე კორპუსი. კომპანიაში 35%-იანი მეწილე მე ვიყავი და 65% იყო ლერი ხაბელოვის. მე დავიწყე მშენებლობა, ჩემი კომპანია აშენებდა, "ჯეო ინვესტი". სამხარაულმა როგორც შეაფასა, იმის მიხედვით ჩემს კომპანიას მივყიდე ჩემი წილი და ლერისგანაც შევიძინე, სხვანაირად არ გამოდიოდა, საქმიანობაში მეშლებოდა ხელი. უნდა დაგებეგრაო და რა შუაშია, მაგრამ საგადასახადო თავისებურად უყურებს. კანონი არ დამირღვევია, 11.5 მილიონი ლარი დამაკისრეს ჯარიმა. სასამართლოში შევიტანეთ და მერე შემიმცირეს ჯარიმა, საურავი მომიხსნეს და დამიტოვეს 4 მილიონ 930 ათასი ლარი და გამინაწილეს გადახდა, მაგრამ ბანკები მაინც არ მაფინანსებენ, ამიტომ იძულებული ვარ გავყიდო ყველაფერი - მშენებარე კორპუსია, კინოთეატრი მაქვს. ადრე კინოთეატრი სადაც იყო, იქ სავაჭრო ცენტრი გავაკეთე პატარა და კინოთეატრიც," — ამბობს ბიზნესმენი.

აღნიშნულ თემაზე რეგიონულმა მედიამ "ქართლის ამბებმა" გელაშვილს ჰკითხა, არის თუ არა ეს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობის გამო, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ "მასზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს".

"არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ," — განაცხადა გელაშვილმა.

შეგახსენებთ, ვალერი გელაშვილი 2012–2016 წლებში ქართული ოცნების ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.