ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ოფიციალურად გახსნა პირველი — ე.წ. "ფუნდამენტების" კლასტერი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ პირველი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნაზე. მათი შეფასებით, ეს ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების გატარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევის აღიარებაა.

"დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ პირველი მოლაპარაკებების კლასტერის გახსნას. ორშაბათს, პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე, ჩვენ გავხსნით კლასტერს ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც გაწევრიანების პროცესის ხერხემალს წარმოადგენს. ეს არის აღიარება ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების წინსვლისთვის გამოვლენილი მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობისა, უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად," — აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კლასტერი მოიცავს ევროკავშირის სამართლებრივ მემკვიდრეობასთან (EU acquis) დაკავშირებულ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მარილენა რაუნას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და ქვეყნის მიერ რთულ პირობებში მიღწეულ პროგრესს აღიარებს.

"დღევანდელი ისტორიული ეტაპი კვიპროსის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა და მკაფიო გზავნილია: უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი მყარად არის დაკავშირებული ევროკავშირთან. დღევანდელი გაწევრიანების კონფერენცია ასევე უსვამს ხაზს უკრაინის ურყევ ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და აღიარებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში მიაღწია. ეს უკრაინელი ხალხის გამძლეობის დასტურია. ამავდროულად, ის ვალდებულებები, რომლებსაც უკრაინა დღეს იღებს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლისთვის. გაფართოება მხოლოდ უკრაინისთვის სტრატეგიული შესაძლებლობა არ არის — ეს ასევე ინვესტიციაა უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის შექმნაში," — განაცხადა მან.

"ფუნდამენტების" კლასტერში შედის მოლაპარაკებების ხუთი თავი:

23-ე თავი – სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები;
24-ე თავი – მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება;
მე-5 თავი – სახელმწიფო შესყიდვები;
მე-18 თავი – სტატისტიკა;
32-ე თავი – ფინანსური კონტროლი.

ევროკავშირმა როგორც მთლიანად კლასტერისთვის, ისე კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული 23-ე და 24-ე თავებისთვის შუალედური კრიტერიუმები განსაზღვრა, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება, სანამ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში გადავა და შესაბამისი თავების დროებითი დახურვა გახდება შესაძლებელი.

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების, სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის მიმართულებებითაც სპეციალური კრიტერიუმებია დადგენილი, რომლებიც მე-5, მე-18 და 32-ე თავების დროებითი დახურვისთვის უნდა შესრულდეს.

ფუნდამენტების კლასტერზე მოლაპარაკებები პირველია, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც გაწევრიანების პროცესში დაიხურება, ხოლო ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი მთლიანად განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საერთო ტემპს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკად რჩება.

"გაფართოება სტრატეგიული არჩევანია. ჩვენი ერების დაახლოებით ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ კონტინენტზე. მზარდი გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესებში შედის. გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში," — აღნიშნულია მათ ერთობლივ განცხადებაში.

საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპით მიმდინარეობს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდება.