რა ხდება: სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) კრიტიკულ დასკვნას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე.

  • ორგანიზაციაში ეთანხმებიან ეუთო/ოდირის დასკვნაში მოყვანილ არგუმენტებს და მიიჩნევენ, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.
  • "ამასთან, აღნიშნულ ცვლილებებს თვითნებურ და გაუმართლებელ ჩარევად აფასებს ევროკომისიაც, 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს შესახებ", — აღნიშნულია მათ განცხადებაში.
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტი ვეტო.

რა წერია ეუთოს დასკვნაში: ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული. ისინი აცხადებენ, რომ:

  • მშვიდობიანი შეკრების უფლება დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძველია, ამიტომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ და დაიცვან ეს უფლება, დისკრიმინაციის გარეშე.
  • მშვიდობიანი შეკრების უფლება მოიცავს შეკრებების ფართო სპექტრს, ასევე, მონაწილეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ პროტესტის ფორმები. მათ, ასევე, თავისუფლად უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ, როგორ სურთ საკუთარი გზავნილების გადმოცემა, მათ შორის, აქვთ უფლება, აღმართონ დროებითი კონსტრუქციები.
  • ზოგ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულ ფორმას — მაგალითად, დროებით კარვების გაშლას, შესაძლოა, ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა გზავნილისგან განუყოფლად.
  • ეუთო/ოდირი შიშობს, რომ ცვლილებებში გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რამაც, შესაძლოა, კანონის დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.
  • მათი განმარტებით, ასევე, გარკვეულ დონეზე, აქციების გამო ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევა, მათ შორის — საგზაო მოძრაობის დროებით შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება შეწყნარებული უნდა იყო, თუ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.
  • ასევე, ამ შეკრების დროს, კონკრეტული დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნა, რომელიც საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს შეკრების მონაწილეების, ან სხვა პირების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ან ხელს უშლიდეს პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, იქნება ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი, ვიდრე პირდაპირი აკრძალვა და კონფისკაცია.
  • ეუთო/ოდირისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს დებულებებს გზის ხელოვნურად ბლოკირების, ასევე, საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილების შესახებ.
  • დოკუმენტის მიხედვით, შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, მოახდინოს ოპოზიციური აზრის გამომხატველთა დისკრიმინაცია, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება იყენებდნენ დროებით კონსტრუქციებს, საკუთარი გზავნილების გადმოსაცემად.

ბოლო ხაზი: ქართული ოცნების კანონპროექტი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 5 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებებით, იზღუდება აქციებზე კარვების გაშლა და დროებითი კონტრუქციების მოწყობა.

  • კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტში მისი განხილვა, შესაბამისად, არ დასრულებულა.