ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო არსებული ბიზნესკლიმატით ბევრ სხვა ქვეყანას შორის გამოირჩევა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მაკრო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თბილისის ზღვასთან და გონიოში ფინანსური ცენტრების მსგავსი ზონები იყოს წარმატებული და მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის.

"რა უპირატესობები გააჩნია საქართველოს და რატომ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ზონები იქნება წარმატებული და მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის?! პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს სტრატეგიულად განლაგებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუნდაც დროითი სარტყელი, რომელიც მოქმედებს საქართველოში არის ისეთი, რომ ერთდროულად შეიძლება ეს ზონა მოემსახუროს, როგორც აზიურ ფინანსურ ბაზრებს, ასევე, ევროპულ ფინანსურ ბაზრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფინანსურ საქმიანობაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი სტაბილურობა, მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა და ის რეფორმები, რაც გატარდა საქართველოში. იმიტომ, რომ საქართველო პოზიციონირებას, როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნეს კანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, არსებული ბიზნეს კლიმატი, რომლითაც ჩვენ გამოვირჩევით ბევრ სხვა ქვეყანას შორის", — თქვა თურნავამ.

მინისტრმა ისაუბრა, რომ საქართველოში "ბიზნესის კეთება არის არა მხოლოდ სარფიანი არამედ სასიამოვნოც". ასევე, თურნავას განმარტებით, საქართველოში ბიზნესის კეთების ხარჯი დაბალია.

"თუ დაემატება კიდევ ის, რომ საკმაოდ ეფექტურია ჩვენთან ოფისების გადმოტანა და ბიზნესის კეთება, იმ თვალსაზრისით, რომ იგივე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ბევრ აზიურ ქვეყანასთან შედარებით, უფრო დაბალია თუნდაც კომუნალური მომსახურების ღირებულება, ცხოვრების დანახარჯი და ბიზნესის კეთების ხარჯიც უფრო დაბალია, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მიმზიდველი", — განაცხადა მან.

თურნავამ განმარტა, თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად თბილისის ზღვისა და გონიოს ტერიტორია. მისი თქმით, ორივე ადგილი ახლოსაა დიდი ქალაქებთან და საერთაშორისო აეროპორტებთან.

"რატომ აირჩა კონკრეტულად ეს ორი ტერიტორია — როგორც გვიჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა, მსგავსი ზონა უნდა იყოს განვითარებული მსხვილ ურბანულ ცენტრთან ახლოს, რადგან მომსახურების ისეთი სპექტრი უნდა მიეწოდოს, რომელიც დიდ ქალაქებში ვითარდება, ამიტომ თბილისი და ამიტომ აჭარაში ბათუმი. უნდა იყოს განლაგებული საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. ამავდროულად ეს უნდა იყოს ცალკე კომპაქტური ტერიტორია, აქედან გამომდინარე შეირჩა გონიო და შეირჩა თბილისის ზღვა", — განმარტა მან.

როგორც ნათია თურნავამ თქვა, წლის ბოლოსთვის პაკეტი სრულად იქნება ჩამოყალიბებული და დამატებითი დეტალებიც გახდება ცნობილი.

დღეს, 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს გაკეთებული განცხადებით, მათი სურვილია, რომ საქართველოში სპეციალური, საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნას.

მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა დაავალა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფინანსური ცენტრების შესაქმნელად ფინანსურ ჯგუფთან, Rothschild & Co-თან კონტრაქტი უკვე გააფორმეს. მისი თქმით, კომპანიის დელეგაცია საქართველოს ერთ კვირაში ეწვევა და აქტიური მუშაობა დაიწყება.