თბილისი პრაიდის ღონისძიების პარალელურად გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ადგილიდან On.ge-ს ჟურნალისტი იუწყება, აგრესიულად განწყობილი პირები ბოთლებს ისვრიან.

ადგილიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა. On.ge ცდილობს, რომ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტოს.

პოლიციამ 12 პირი თბილისი პრაიდის ღონისძის დაწყების წინაც დააკავა.

ფილმის ჩვენება უკვე დასრულდა და სტუმრებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. პოლიციას უსაფრთხოებისთვის კორდონი აქვს გაკეთებული

დღეს, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები.

იმ ტერიტორიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ღონისძიება იმართება, შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. ისინი ისროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.