21 დეკემბერს, 14:00 საათზე, თემი ქედელი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის თეატრში მართავს აქცია - კონცერტს სახელწოდებით გამიცანი ჩემი შესაძლებლობებით.

კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლი ქედელი და მათი მეგობრები ჰოლანდიიდან. კონცერტის გარდა, 12:00-17:00 საათამდე, საუნივერსიტეტო კამპუსის ფოიეში მოეწყობა თემის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

თემი ქედელი საცხოვრებელი ერთობაა, რომელიც 1999 წელს სიღნაღში დაფუძნდა და იქ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება ეძლევათ.

ფოტო: Qedel

ქედელის მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები . საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით თუ კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.

ფოტო: Qedeli

ქედელში მცხოვრები ბენეფიციარები პერსონალთან ერთად შრომობენ და წვლილი შეაქვთ თემის განვითარების საქმეში. მათი დახმარებით ფუნქციონირებს არტ-კაფე ქედელი, საცხობი - თემში ცხვება პურ-ფუნთუშეული, როგორც თემში მოხმარების მიზნით, ასევე სარეალიზაციოდ, სადურგლო, სადაც მზადდება სათამაშოები, სკამები და მაგიდები, თემის წევრები ასევე აქტიურად ქსოვენ და ამზადებენ თოჯინებს, სხადასხვა სუვენირებსა და სამკაულებს, უვლიან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ამზადებენ რძის პროდუქტს.